მედია: ვიწრო წრეში – რა აჩვენა Forbes-ის უმდიდრესი ქართველების ასეულმა?

მოკლედ

  • Forbes-ის რეიტინგში აღრიცხული 100 ქართველი ბიზნესმენის ქონების ჯამური ღირებულება 60 მილიარდ ლარს აჭარბებს.
  • ამ ასეულს სათავეში უდგას 50 წლის მიხეილ ლომთაძე.
  • ქალების წილი ამ სიაში 12%-ია.
  • საფინანსო საქმიანობა, ვაჭრობა, ტელეკომუნიკაციები, , დეველოპმენტი/უძრავი ქონება – ეს არის 5 ტოპ-ინდუსტრია საქართველოში.
  • რეიტინგში ყველაზე ხანდაზმული მეწარმე 90 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა – 25 წლის.
  • ამ ასეულიდან, 12 მეწარმეს პოლიტიკასთან ღიად მჭიდრო კავშირები აქვს.

ვინ ფლობს სიმდიდრეს საქართველოში და როგორ ნაწილდება ეკონომიკური ძალაუფლება – Forbes-ის 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგი აჩვენებს, სად იყრის თავს სიმდიდრე, ვინ აკონტროლებს ძირითად სექტორებს და რამდენად ახლოსაა ბიზნესი პოლიტიკასთან და პირიქით.

Forbes Georgia-ს მკვლევრებმა ექსელის ფაილი, რომელშიც საქართველოს უმდიდრესი მეწარმეების სია და მათი მონაცემები უნდა შეეყვანათ, ზუსტად 13 თვის წინ, 2025 წლის 21 თებერვალს გახსნეს. კვლევის უდიდესი დრო ინფორმაციის დაზუსტებამ წაიღო. მათ 500 მეწარმის ქონების ღირებულება იკვლიეს, საბოლოოდ კი 100 უმდიდრესის სია გამოაქვეყნეს:

„განსაკუთრებით ძნელი აღმოჩნდა დეველოპერულ კომპანიებთან კომუნიკაცია. ეს ერთი წელი წაიღო ძირითადად ინფორმაციის მოპოვებამ, სტრუქტურირებამ და კონსოლიდირებამ“, – უთხრა რადიო თავისუფლებას Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა შოთა დიღმელაშვილმა.

მკვლევრებს არ დაუთვლიათ ამ ადამიანების მთლიანი ქონება. მაგალითად, არ შეუფასებიათ მათი სახლების, ნახატების, იახტების, მიწების ღირებულება. Forbes-მა დაითვალა მხოლოდ მათი სამეწარმეო ქონების ღირებულება. რადიო თავისუფლებასთან მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ეს რეიტინგი ეფუძნება მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას – კომპანიების აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშებსა და რეალურ აქტივებს.

ანუ, მკვლევრებმა ფასი იმ ქონების ღირებულებით დაადგინეს, რომლითაც ბიზნესი შეიძლება შეფასდეს ბაზარზე, თუკი მფლობელები ქონების გაყიდვას გადაწყვეტენ.

Forbes-ის რეიტინგში აღრიცხული 100 მეწარმის ქონების ჯამური ღირებულება 60 მილიარდ ლარს აჭარბებს. გამოცემის ცნობით, ეს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის 60%-ს უახლოვდება და საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება.

ეს რეიტინგი სხვა ტენდენციებს შორის, ერთ მნიშვნელოვან ტენდენციას აჩვენებს – „სიმდიდრის კონცენტრაციას“:

ვრცლად