ქართველი ემიგრანტების მიერ შედგენილი „მზიას სია“ უკვე გადაგზავნილია 36 ქვეყანაში და მოიცავს 277 პირს, რომელთაც ავტორები პასუხისმგებლებად მიიჩნევენ თავისუფალი სიტყვის დევნაზე, პოლიტიკური პატიმრების საქმეზე და ავტორიტარული მმართველობის განმტკიცებაზე საქართველოში.
სიის შესახებ „ბათუმელებთან“ ისაუბრა მოძრაობა „მზიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „პლატფორმა 2025“-ის წარმომადგენელმა დავით ძიძიშვილმა, რომელიც ბელგიაში მუშაობს და ჰიბრიდულ ომებს იკვლევს.
მისი განმარტებით, დოკუმენტი შემუშავდა ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებთან კოორდინაციით და მოიცავს არა მხოლოდ მაღალჩინოსნებს, არამედ მათ, ვინც „უკანონო დავალებების უშუალო შემსრულებლები იყვნენ“.
„ეს არის 277 ადამიანის სია. აქ არიან პროკურორები, მოსამართლეები, გამომძიებლები, სამართალდამცველები, ცრუ მოწმეები და ე.წ. ‘ტიტუშკები'.
ისინი იქცნენ ავტორიტარიზმის საცეცებად და მათი ქმედებები აშკარად მიმართულია დემოკრატიასა და ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ,“ — აცხადებს დავით ძიძიშვილი.
ძიძიშვილის თქმით, სიაში მოხვდნენ:
ირაკლი დგებუაძე – პოლიციელი, რომლის მიერ გაკეთებული ბრალდებების შემდეგ დაიწყო საქმე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ;
მზია ამაღლებლის საქმის მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები;
ნინო დათაშვილის საქმის მოსამართლე;
დავით მატიაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი, რომელიც, ძიძიშვილის თქმით, „გამორჩეული აგრესიით იქცევა სასამართლოებში“.
მისივე თქმით, სიაში ასევე არიან მოქმედი პოლიტიკოსები, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, თუმცა ყველა სახელი ამ ეტაპზე საჯარო არ ხდება.
„ეს ადამიანები თანაბარი დონის დამნაშავეებად მიგვაჩნია. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის პირველ ნომრად და ვინ – 178-ედ,“ – ამბობს ძიძიშვილი.
ორგანიზატორების პოზიციით, სიის ნაწილი განზრახ არ საჯაროვდება:
„ვცდილობთ, ყველას, ვინც ჩართულია მსგავს პროცესებში, ჰქონდეს განცდა, რომ თავადაც შეიძლება იყოს ამ სიაში. გარდა ამისა, სია შეიძლება გაიზარდოს და არ არის საბოლოო ციფრი – 277, – ამბობს ძიძიშვილი.
„მზიას სია“ გაგზავნილია:
- აშშ-ში
- ევროკავშირის ქვეყნებში
- ბალტიის სახელმწიფოებში
- ნატოსა და ევროპარლამენტში
- სხვა ქვეყნებში, მათ შორის ავსტრალიაშიც.
ძიძიშვილის განცხადებით, ბალტიის ქვეყნებიდან უკვე მიღებულია „პოზიტიური სიგნალი“, რომ სიას ყურადღებით განიხილავენ.
რატომ ჰქვია „მზიას სია“
სია ასოცირდება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმესთან – მედიის წარმომადგენელთან, რომელსაც სილის გაწვნის საქმეზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ძიძიშვილი ამბობს, რომ სწორედ ეს საქმე გახდა „ლაკმუსის ქაღალდი“ პოლიტიკური დევნის დანახვისთვის:
„მზია გახდა პირველი თვალსაჩინო ტყვე რეჟიმისა. ამ საქმემ ყველას აჩვენა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაზე სერიოზული შეტევაა.“
მისივე თქმით, ემიგრანტული ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ „მზიას სია“ საერთაშორისო სანქციების საფუძვლად შეიძლება იქცეს.




