მედია: ვინ იცავს საქართველოს ცას – აქვს თუ არა საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემები?

ვინ იცავს საქართველოს ცას? – ამ კითხვას ირაკლი კობახიძემ დღეს პასუხი არ გასცა. არადა დღე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბრალდებით დაიწყო. ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც ქვეყანას უნდა ეყიდა, 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით აღარ შემოიტანეს.

რა  იცის სააკაშვილმა – მესამე პრეზიდენტის მტკიცებით, გამოწვევებით სავსე რეგიონში მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ჰქონოდა დაცული საჰაერო სივრცე, საჭირო დანადგარების შესაძენად კი დიდი ხნის მოლაპარაკებები ივანიშვილის მონაწილეობით ჩაიშალა.

მას შემდეგ რაც ირანმა, მეზობელი ქვეყნების დაბომბვა დაიწყო და ირანული დრონებით ნახჩევანის აეროპორტის აფეთქება სცადეს, საქართველოს არა ერთ მოქალაქეს გაუჩნდა კითხვა, რამდენად დაცულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემები გააჩნია, ალეკო ტაბატაძე დამატებით არაფერს ამბობს.

ის, რომ საქართველო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების გარეშე ბიძინა ივანიშვილმა დატოვა მხოლოდ სააკშვილის ბრალდება არ არის. იმავეს ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიაც. “რადიო თავისუფლებისთვის” ერთი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ალასანიამ გაიხსენა, რომ თავდაცვითი სისტემების გადმოცემაზე მოლაპარაკებები ჰქონდა დაწყებულიო ფრანგულ მხარესთანაც. საუბარია ისეთი ტიპის თავდაცვის სისტემებზე, რომელსაც დღეს ითხოვს პარტნიორებისგან. პროცესი შეთანხმებამდე მივიდა, მაგრამ ალასანია ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის მომენტიდან მთავრობიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ შეთანხმება უნდა ჩაეშალა.

წყარო