პროპაგანდისტული ტელეარხი, TV იმედი წერს, რომ ივანიშვილის დეპუტატები, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა, “კონგრესმენი ანა პაულინა ლუნას მიწვევით,” ვაშინგტონში 4-5 მარტს დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებიან, რომელსაც სახელად “სუვერენული ერების ალიანსი” ჰქვია.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული დეტალების მიხედვით, ღონისძიებას, რომლის საპატიო თავმჯდომარეც კონგრესმენი ლუნაა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პოლიტიკის, ბიზნესის, აკადემიისა და სხვა საზოგადოებრივი სფეროების ლიდერები დაესწრებიან.
ამასთან, ღონისძიების ვებგვერდზე წერია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსებიდან ღონისძიებას აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონიც დაესწრება. მიწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან გერმანელი დეპუტატი მარკუს ფრონმაიერი ულტრამემარჯვენე პარტიიდან “ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD)” და ევროპარლამენტარი ანტონიო კორეა, რომელიც პორტუგალიის ულტრამემარჯვენე პარტია “ჩეგას” წევრია.
ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ კონგრესმენი ლუნა, რომელმაც ივანიშვილის დეპუტატები აშშ-ში დაგეგმილ ღონისძიებაზე მიიწვია, იზოლაციონისტური პოზიციებით გამოირჩევა, რის ფარგლებშიც ის ემხრობა NATO-დან აშშ-ს გამოსვლას, ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დახმარებას და მხარს უჭერს რუსეთსა და აშშ-ს შორის “სამშვიდობო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას”.
2023 წელს პაულინა იმ 11 რესპუბლიკელ კონგრესმენს შორის იყო, რომლებმაც “უკრაინით დაღლილობის რეზოლუცია” წარადგინეს და ბაიდენის ადმინისტრაციას კიევისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მას შემდეგ პაულინა მუდამ უკრაინისთვის დახმარების გაწევის საწინააღმდეგოდ აძლევდა ხმას.
2025 წლის ოქტომბერში კონგრესმენი ლუნა პუტინის წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევსაც შეხვდა, რის შემდეგაც მან X-ზე დაწერა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის “სამშვიდობო და სავაჭრო ურთიერთობისა და დიალოგის განვითარება” სურს.
“არ არის აუცილებელი, რომ ჩვენი ორი ქვეყანა ერთმანეთის მტრები იყვნენ. სავაჭრო მოკავშირეობა ყველასთვის სასარგებლოა.” – წერდა კონგრესმენი ლუნა.
დეკემბერში მან დაწერა, რომ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების განსახილველად რუსეთის სახელმწიფო დუმის ოთხი წევრი აშშ-ს კონგრესის წევრებთან შესახვედრად ვაშინგტონში ოფიციალურად მიიწვია.
ამასთან, კონგრესმენი ლუნას მიწვევით შობის დღესასწაულთან დაკავშირებით კაპიტოლიუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრო აშშ-ში რუსეთის ელჩი, ალექსანდრ დარჩიევი, რის შესახებაც ინფორმაცია რუსეთის საელჩომ X-ზე გაავრცელა.
უკრაინაზე საუბრისას კონგრესმენი ლუნა ხშირად იმეორებს კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივებსაც, თითქოს “ზელენსკიმ არჩევნები გააუქმა” და რომ უკრაინა ამერიკულ შეიარაღებას “შავ ბაზარზე ყიდის”.
ცნობისთვის, უკრაინის კანონმდებლობისა და ლოჯისტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, უკრაინაში არჩევნების ჩატარება რუსული აგრესიის გამო ვერ ხერხდება. ამასთანავე, GI-TOC-ის ანგარიშის მიხედვით, უსაფუძვლოა განცხადებები, რომ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო დახმარება შავ ბაზარზე ხვდება. ხოლო BBC-ს მიერ ჩატარებული გამოძიებების შედეგად დადგინდა, რომ ინტერნეტში გავრცელებული სურათები, რომ თითქოს Javelin-ის ტიპის რაკეტები შავ ბაზარზე იყიდება, ძველი ან სულაც გაყალბებული იყო, უშუალოდ ნარატივის სათავე კი რუსული პროპაგანდაა.
კონგრესმენმა პაულინამ ზელენსკის მთავრობა “ქრისტიანების დევნაშიც” დაადანაშაულა, რის პასუხადაც აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლჰა სტეფანიშინამ ლუნას განცხადებებს რეალობისგან მოწყვეტილი და რუსული პროპაგანდა უწოდა.
ამავდროულად, გასული წლის მარტში პაულინამ X-ზე ისიც დაწერა, რომ NATO-დან აშშ-ს გასვლის დრო იყო მას შემდეგ, რაც მსგავსი განცხადება ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმაც გააკეთა.
ცნობისთვის, აშშ-ში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ლუნას იანვარში შეხვდა. ტალიაშვილის მიხედვით, შეხვედრის თემა “ორმხრივი ურთიერთობები, მათი სამომავლოდ განვითარების პერსპექტივები და ახალი შესაძლებლობები” იყო.




