მედია: ვინ არიან „ბერლინალეზე“ კინოცენტრის 11-წევრიან დელეგაციაში

ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს 11-წევრიანი დელეგაცია წარადგენს. EFM-ის ვებგვერდის მიხედვით, კინოცენტრის დელეგაციაში რეჟისორის სტატუსით იქნება „იმედის“ ყოფილი წამყვანი და 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის 115-ე ნომერი, გურამ ნიკოლაშვილი; ასევე – რუსული კანონის მხარდამჭერი, „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ბექა დავითულიანი. ცნობისთვის, კინოცენტრს მეორე წელია დირექტორი არ ჰყავს და მის მოვალეობას კობა ხუბუნაიას შემდეგ, ამჟამად კულტურის მინისტრის მოადგილე, ბექა დავითულიანი ასრულებს.

დელეგაციის წევრი წელსაც არის სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის წამყვანი და კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ოდიშარია. გასული წლის მსგავსად წელსაც სიაშია რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე და ხათუნა ხუნდაძე. იხილეთ სია:

  1. ბექა დავითულიანი – კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კულტურის მინისტრის მოადგილე
  2. ბაჩო ოდიშარია – კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  3. გურამ ნიკოლაშვილი – რეჟისორი
  4. მამუკა ბლიაძე – ფინანსისტი
  5. ხათუნა ხუნდაძე – სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
  6. გიორგი ჭუმბურიძე – რეჟისორი
  7. ლიკა ჯალაღონია – კინოექსპორტის სპეციალისტი
  8. ლაშა ხალვაში – პროდიუსერი
  9. გიგა ჯანყარაშვილი – ფილმ წარმოების სპეციალისტი
  10. ლევან დვალი – ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობა“ დირექტორი
  11. თინათინ ყაჯრიშვილი – რეჟისორი

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრი გურამ ნიკოლაშვილი საჯარო წყაროებში სხვადასხვა რეგალიით იძებნება:

  • საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი;
  • ტელეწამყვანი;
  • „ჰიდროალიანსი – საჯარო პლატფორმის“ დამფუძნებელი;
  • ისტორიკოსი;
  • ანალიტიკოსი;
  • ნამახვანჰესის პროექტის კვლევების განმხილველი ექსპერტთა საბჭოს წევრი.

გარდა ამისა, ღია წყაროებში იძებნება დოკუმენტური ფილმი „იოანე-ზოსიმე: დაბრუნება“. „პუბლიკა“ გურამ ნიკოლაშვილს დაუკავშირდა შეკითხვით, რა აკავშირებს მას კინოს სფეროსთან.

„მე ვარ კომუნიკაციების სპეციალისტი. ამ კომუნიკაციების სპეციალობას სხვადასხვა გამოხატულება აქვს – ვმუშაობ ხოლმე მრჩევლად, ვმუშაობ ისე, არასაჯაროდ, ვმუშაობ მედიაში. ამ ყველაფერს ნახავდით, შესაბამისად, ამ ყველაფერთან ახლოს არის დოკუმენტური ფილმების გაკეთება. თავის დროზე გაკეთებული მაქვს სამი ასეთი დოკუმენტალისტიკა ენერგეტიკაზე, შემდეგ შარშან გავაკეთე იოანე ზოსიმე […] მე არ ვარ პროფესიით რეჟისორი, მაგრამ თუ მოგინდება, ამაში გაერკვევი ადამიანი“, – გვიპასუხა ნიკოლაშვილმა.

შეკითხვაზე, თუ რა გეგმით მიდის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან კინობაზრობაზე, ნიკოლაშვილმა გვითხრა, რომ მისი მიზანი ფილმ „იოანე-ზოსიმე:  დაბრუნების“ წარდგენით საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის პოპულარიზება იქნება.

დელეგაციაში რეჟისორის სტატუსით 3 ადამიანია და თქვენ მათ შორის მოხვდით…

მანამდეც მკითხეს და „რეჟისორზე“ გაკეთდა აქცენტი… გავიგე, მაგრამ დოკუმენტური ფილმია და მე ვარ ფილმის ავტორი.

საქართველოში ამ სფეროში მომუშავე ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც ძალიან მდიდარი ფილმოგრაფიაც აქვთ და ძალიან დიდი წარმატებაც ჰქონდათ ბოლო პერიოდში. თქვენ როგორ მოხვდით ამ სიაში?

წარმოდგენა არ მაქვს ვინ მოხვდა და ვინ ვერ მოხვდა, მე უბრალოდ გამიჩნდა იდეა, აღარ მახსოვს მოკლედ, ვლაპარაკობდით და ხომ არ ჩავსვათ და წავიღოთო… და ასე მარტივად გადავწყვიტეთ.

ვინ გადაწყვიტა ეს?

არ ვიცი ახლა, კინოცენტრში ვინც მუშაობს, იმათმა. ერთობლივად გვქონდა ეს, ერთ-ერთი ლაპარაკისას გაგვიჩნდა აზრი და ჩვეულებრივად… არ არის პრობლემა, კი ბატონო, გავაკეთოთ. მე მომეჩვენა, რომ ეს კარგი თემაა.

პროცედურულად როგორ მოხდა? გამოცხადდა საჯარო კონკურსი და შეიტანეთ?

არა, არაფერი გამოცხადებულა, მსგავსი რაღაც არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, პროცედურულად როგორ მოხდა… მაგასაც ვერ ვხვდები, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი, დელეგაციას როგორ ადგენს კინოცენტრი, ამის დაკომპლექტების წესი როგორია…

ამაში ხომ ბიუჯეტის სახსრები იხარჯება…

გავიგე და როგორ აკეთებს, მართლა არ ვიცი და ამაზე შეგიძლიათ კინოცენტრს მიმართოთ.

ადასტურებთ, რომ ხარჯებს კინოცენტრის ბიუჯეტი ფარავს?

დიდწილად მე ვფარავ, აკრედიტაციას თუ რაღაცას კინოცენტრი ფარავს, ერთი დღით რომ შევიდე… რაღაც ხარჯებს მე თვითონაც ვწევ.

ვრცლად