მედია: ებრაელმა ახალმოშენეებმა ქვები ესროლეს და ისრაელის ჯარისკაცებმა დააპატიმრეს პალესტინელი რეჟისორი ჰამდან ბალალი

პალესტინელი რეჟისორი ჰამდან ბალალი, რომელიც თანაავტორია „ოსკარით“ დაჯილდოებული დოკუმენტური ფილმისა „არ არის სხვა მიწა“, დაიჭრა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ სუსიაზე ებრაელი ახალმოშენეების თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ Associated Press-მა, The Guardian-მა და The Times of Israel-მა 25 მარტს გაავრცელეს ინფორმაცია თვითმხილველებზე დაყრდნობით. ინციდენტი ორშაბათს მოხდა.
როგორც Deutsche Welle იტყობინება, სოფელ სუსიაში ათობით ებრაელი ახალმოშენე ჩავიდა და მათ ქვები დაუშინეს სოფლის მოსახლეობას, მათ მანქანებსა და სახლებს. მედიაორგანიზაციების თანახმად, ამის პასუხად პალესტინელებმაც ესროლეს ქვები ებრაელებს.
შეტაკების შედეგად დაიჭრა ოთხი პალესტინელი, კიდევ სამი დაპატიმრებულია. დაკავებულთა შორის არის ჰამდან ბალალი, რომელსაც თავში მოხვდა ქვა და ტრავმა მიიღო. მისი მდგომარეობა და ადგილსამყოფელი უცნობია.
ებრაული წარმოშობის ხუთი ამერიკელი აქტივისტის სიტყვებით, რომლებიც მომხდარის მოწმე გახდნენ, ბალალს ალყა შემოარტყა და შეუტია დაახლოებით 15-მა ახალმოშენემ. თვითმხილველების თანახმად, ადგილზე მივიდა ს ჯარისკაცებისა და სხვა ახალმოშენეთა ჯგუფი, რომლებსაც სამხედრო ფორმები ეცვათ. მათ ბალალს მის სახლამდე სდიეს და შემდეგ სამხედროებს გადასცეს.
სხვა მოწმეთა თქმით, ახალმოშენეებმა ქვებით დააზიანეს მისი მანქანა.
ინციდენტთან დაკავშირებით ისრაელის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის სასტიკი კონფრონტაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა ისრაელის მოქალაქეებს ქვები დაუშინეს. „ადგილზე გამოცხადდა ისრაელის თავდაცვის არმიის ძალები და ისრაელის პოლიცია, რათა გაეფანტა შეტაკების მონაწილეები, ამ დროს ტერორისტებმა უსაფრთხოების ძალებს ქვები დაუშინეს,“ აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც დოკუმენტური ფილმის კიდევ ერთმა რეჟისორმა, ბაზელ ადრამ თქვა, ახალმოშენეთა მხრიდან ძალადობის ესკალაცია შესაძლოა პასუხი იყოს პალესტინური კინოფილმის საერთაშორისო აღიარებაზე.
„სოფელში პალესტინელებს თითქმის ყოველდღე განიცდიან ფიზიკურ თავდასხმებს ახალმოშენეთა მხრიდან. ახალმოშენეთა მხრიდან ძალადობა იზრდება. შესაძლოა ეს შურისძიებაა ფილმისა და ოსკარისთვის,“ ივარაუდა მან.

ასევე დაგაინტერესებთ