ვინ არის რეჟიმის მხარდამჭერი კიდევ ერთი ბიზნესმენი, ვის გამოც “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, არჩევნებიდან ორ კვირაში, 30 წლის წინანდელი, მინისტრთა საბჭოს ბრძანებები შეცვალა.
“სითი მოლის” და სამშენებლო კომპანია “სითი ექსპოს” მფლობელი მინდია საბანაძე რეჟიმის მხარდამჭერი ბიზნესმენების რიგებშია. “შაბათის ეთერმა” გაარკვია, რომ კობახიძემ საბანაძეს თბილისში, ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება მისცა.
51 ათას 438 კვადრატული მეტრი მიწის დეველოპერულ ტერიტორიად განსაზღვრის შესახებ განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი, საპარლამენტო არჩევნებიდან ორ კვირაში, 2024 წლის 13 ნოემბერს მოაწერა, მაშინ როდესაც ხალხი ქუჩაში, გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა.
66 წლიანი ისტორიის მქონე დიდუბის ისტორიულ საგამოფენო სივრცეში, სადაც 1958 წელს აშენებული 11 პავილიონი დგას, მშენებლობის უფლების მიცემით, კობახიძემ, საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1994 წლის 17 ნოემბერს დადგენილი განკარგულების ანულირება მოახდინა.
იყო თუ არა ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე მშენებლობის უფლების მიცემა კობახიძის ჯილდო რეჟიმის მხარდაჭერისთვის?! მინდია საბანაძე ჯერ ინტერვიუზე შეგვითანხმდა, შემდეგ კი უარი გვითხრა.
“სითი ექსპო” მინდია საბანაძემ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დღეს, 2024 წლის 10 მაისს , 15 საათსა და 47 წუთზე დაარეგისტრირა. კომპანიის დაფუძნების მიზანი სააქციო საზოგადოება ,,გამოფენების ცენტრის” აქციების საკონტროლო შესყიდვა იყო.
დღემდე, 30 წლის განმავლობაში, ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში, ვერც ერთმა დეველოპერმა, აქ მშენებლობის ნებართვა ვერ მიიღო. განკარგულებაში კობახიძე კალაძეს პირდაპირ მიუთითებს, რომ საბანაძეს 250 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობის უფლება უნდა მისცეს.
რა კვლევებს დაეფუძნა ირაკლი კობახიძე, როდესაც საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე 30 წლიანი სამშენებლო შეზღუდვა მოხსნა, უცნობია. მთავრობის განკარგულებაზე თანდართული ერთადერთი დოკუმენტი, ტერიტორიის რუკაა, სადაც სამშენებლო მასშტაბია მონიშნული. საჯარო წყაროებში არ იძებნება არც ურბანული სააგენტოს დასკვნა და არც სატრანსპორტო მიზანშეწონილობის კვლევა.