დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს, რომელსაც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე.
- უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება, ორ მათგანში მასთან ერთად ფიგურირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, დაკავებული რომეო მიქაუტაძე.
პირველი ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის ლობირების გასაწევად თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარი აიღო.
მეორე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა კვლავ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია “ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გამოართვა. მესამე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილი “ქოლ-ცენტრების“ მცირე ნაწილს მფარველობდა, რასაც ის მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა პირთა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ.
მეოთხე ეპიზოდის მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. “ატკატებს“ იღებდა.

რა არის გრიგოლ ლილუაშვილზე ცნობილი?
ლილუაშვილი დაიბადა 1977 წლის 1 სექტემბერს. 2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. 1999 წელს “Air Georgia”-ს ფინანსური მენეჯერი იყო. 1999–2001 წლებში იყო “ქართული ავიახაზები — აირზენას” მარკეტინგის მენეჯერი.
2003–2004 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის „RILO“-ში, დსთ-ის ქვეყნების საბაჟო სამსახურების მეთაურთა უმაღლეს საბჭოში.
2004–2008 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი.
2007–2008 წლებში – ასოციაცია „ATU“-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი.
2008–2013 წლებში იყო შპს „ქართუ მშენებელის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 2013–2014 წლებში იყო შპს „ბურჯის“ გენერალური დირექტორი.
2014–2016 წლებში შპს „Old City Development“-ის გენერალური დირექტორი.
2015–2016 წლებში „ქართუ“ ჯგუფის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

2015–2016 წლებში ს/ს „ქართუ-ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2016 წელს იყო თბილისის მერის მოადგილე.
2016–2017 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ვანისა და ხონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 59,01% (18 270 ხმა) მიიღო.[2]
2017 წლის 22 დეკემბრიდან 2019 წლის 8 სექტემბრამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი 2025 წლამდე სუს-ს უფროსი.
ლილუაშვილს ჰყავს მეუღლე მაია ჭეიშვილი (დ. 1982) და ორი შვილი: ნიკოლოზი (დ. 2008) და ლაზარე (დ. 2013).

2017 წელს ჟურნალ თბილისელებთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მეუღლე იმ დროს გაიცნო, როცა კერძო სექტორში მუშაობდა. მაია ჭეიშვილი პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია.
გრიგოლ ლილუაშვილი:
“მაიკო რომ გავიცანი, ხშირად მიწევდა აეროპორტით სარგებლობა. მაიკო კი იქ მუშაობდა, ჩემი მამიდაშვილის თანამშრომელი იყო. ერთ მშვენიერ დღეს შევამჩნიე, როცა ეგრეთ წოდებული განსაკუთრებული მგზავრების გასასვლელით ვსარგებლობდი. აღმოვაჩინე გოგო, რომელიც ძალიან ლამაზი თვალებით მაცილებდა. პატარები არ ვიყავით და დაოჯახების გადაწყვეტილება ორივემ გააზრებულად მივიღეთ”.
მაია ჭეიშვილი:
“გაცნობიდან ექვს თვეში დავქორწინდით. ორივეს ტრადიციული, იმერული ოჯახი გვაქვს. ასე რომ, ყველაფერი წესების დაცვით მოხდა – ოჯახის გამოკვლევიდან დაწყებული, ნიშნობით დასრულებული.
გრიგოლ ლილუაშვილი:
“პირდაპირ მივედი მაიკოს მშობლებთან და განვუცხადე, ვინ ვიყავი და რა მინდოდა, უკვე კარგად იყვნენ ჩემზე ინფორმირებულები. მას მერე ისე შევუყვარდი მაიკოს მშობლებს, ჩემს მზეს ფიცულობენ (იცინის). სხვათა შორის, ჩემს სიდედრს ვანური ფესვები აქვს. სულ „ვაყვედრი,” შენს რაიონს ვუვლი და შენ კი, სახლში უნდა დამეხმარო ვანელების გაზრდაში-მეთქი, ერთგვარი „შეთანხმება” გვაქვს”.

რა ქონებას ფლობს სუს-ის ყოფილი?
აღსანიშნავია, რომ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია გრიგოლ ლილუაშვილმა 2025 წლის 13 მარტს შეავსო.
დოკუმენტის შევსების მომენტში, ლილუაშვილს სახელფასო ანგარიშზე 35 558 ლარი ჰქონდა, საკრედიტოზე კი – 8 808 ლარი.
ამასთანავე, ნაღდი ფულის სახით ფლობდა 8 500 ევროს (დანაზოგის სახით) და 75 000 აშშ დოლარს, რომელიც საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლიდან იყო დარჩენილი.
რაც შეეხება მის თანამდებობრივ სარგოს, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, სუს-ის უფროსის პოზიციაზე 2024 წლის განმავლობაში გრიგოლ ლილუაშვილმა 141 274 ლარის შემოსავალი მიიღო….განაგრძეთ კითხვა და ნახეთ დეტალური ინფორმაცია ლილუაშვილის ქონებრივ მდგომარეობაზე




