აღმოსავლეთ ევროპის კვლევების გერმანული ასოციაცია ღია წერილს აქვეყნებს, რომლითაც სოლიდარობას უცხადებს ქართველ კოლეგებს აკადემიურ სივრცეში და მიმართავს გერმანიის მთავრობას, აუხსნან „ქართულ ოცნებას“, რას მოიტანს საქართველოსთვის აკადემიური და საგანმანათლებლო თვითიზოლაცია.
წერილით გერმანული ასოციაცია უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„2025 წლის ოქტომბერში, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა გეგმა, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის რადიკალურ რეფორმას ითვალისწინებს. მიზნად არის დასახული, რომ უნივერსიტეტები მთლიანად მოაქციონ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ და ჩამოაშორონ საქართველო ევროპის უმაღლესი განათლების სისტემას. ეს ქვეყანას აკადემიურ და საგანმანათლებლო თვითიზოლაციაში მოაქცევს.
უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე, საქართველოში თანამედროვე უნივერსიტეტები დაარსდა, რომლებიც ინტეგრირებულია ევროპის უმაღლესი განათლების სისტემაში. საქართველო იყო მონაწილე ბოლონიის პროცესისა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს აკადემიური სივრცის წარმომადგენლებისთვის მათი მობილობის, საერთაშორისო არენაზე კონკურენტუნარიანობის, დასაქმების ზრდას.
საქართველოს უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციამ გააუმჯობესა საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი და ქვეყანა ზემოთ ასწია საერთაშორისო რეიტინგებში, რასაც ასევე მოჰყვა ევროპის უნივერსიტეტებთან, მათ შორის, გერმანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა.
საქართველოში დაგეგმილი რესტრუქტურიზაცია ნიშნავს ქართული უნივერსიტეტების ავტონომიურობის დასასრულს. თბილისში არსებული რამდენიმე უნივერსიტეტის მთავარი ფაკულტეტები უნდა ამოიძირკვოს დედაქალაქიდან და გადავიდეს პატარა ქალაქებში. ის, რასაც შელამაზებულად, თითქოს ეფექტურობის ამაღლებას უწოდებენ, სინამდვილეში, ფაკულტეტებსა და სტუდენტებზე კონტროლის მოპოვებაა. დასახული გეგმები ეწინააღმდეგება საუნივერსიტეტო კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის თავისუფალ სულს. ამ გეგმების განხორციელება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს უმაღლეს განათლებას.
გერმანია ტრადიციულად, ახლო პარტნიორი იყო ქართული უნივერსიტეტებისთვის. არაერთ ასეთ საუნივერსიტეტო თანამშრომლობას ჰქონია ადგილი 100-ზე მეტი წლის მანძილზე. დაგეგმილი რესტრუქტურიზაცია გაანადგურებს თანამშრომლობას, რომელიც ათწლეულების მანძილზე მყარდებოდა.
უმაღლესი განათლების სისტემაში დასახული გეგმები ნაწილია ავტორიტარიზმისკენ გადახრილი იმ გზისა, რასაც საქართველო უკანასკნელი სამი წლის მანძილზე დაადგა. მთავრობა სისტემატური მიდგომით ანადგურებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. ხელს უშლიან საქმიანობაში, საერთაშორისო დაფინანსება უკვე კრიმინალიზებულია.
უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი ეს რესტრუქტურიზაცია ამ პროცესის მომდევნო ნაბიჯია. საქართველოს მთავრობა სისტემურად ესხმის თავს უნივერსიტეტებს, რამდენადაც ესაა სივრცე დამოუკიდებელი აზროვნებისა და წინააღმდეგობისთვის, ევროპული საზოგადოებიდან საქართველოს იზოლაციის გასაპროტესტებლად, ავტორიტარული მმართველობის პირობებში.
აღმოსავლეთ ევროპული კვლევების გერმანული ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს ქართველ კოლეგებს, რომლებიც იცავენ აკადემიურ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, რაც სწორედ ევროპული საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცის მახასიათებელია.
მოვუწოდებთ გერმანიის მთავრობას, რომ საქართველოს მთავრობას ნათლად აუხსნან ქვეყნის აკადემიური და საგანმანათლებლო თვითიზოლაციის შედეგები. საქართველო დაფასებულია, როგორც განათლების ევროპული ცენტრი და საერთაშორისო კვლევით საქმიანობებში დაფასებული პარტნიორი. ქვეყნისა და ევროპის სამეცნიერო საზოგადოების ინტერესია, რომ საქართველოს უნივერსიტეტებს გარანტირებულად დარჩეთ აკადემიური თავისუფლება და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობა“, — ნათქვამია ღია წერილში.
რას ითვალისწინებს „ოცნების“ განათლების რეფორმა, ნახეთ ბმულზე.




