„მედია გამოდის ტერორისა და რეპრესიების წინააღმდეგ“ – ამ ლოზუნგით ბათუმში სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები და ოპერატორები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები, თბილისში აქციის დროს დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ. მათი თქმით, ჟურნალისტებს თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მუშაობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ჟურნალისტები ამბობენ, რომ კოლეგები ყოველ დღე თავდასხმის მსხვერპლი არიან.
„ქართული ოცნებისგან“ ვითხოვთ უმკაცრეს და დაუყოვნებლივ რეაგირებას იმ საზარელ ფაქტებზე, რასაც ეს დღეები ვხედავთ. მედიაზე თავდასხმა, ადამიანების დასახიჩრება უნდა შეწყდეს! უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის ჯალათი, ვინც ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. ყოველ ასეთ შემთხვევებზე, მედია ვიქნებით სოლიდარული და ერთიანი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელმა სულხან მესხიძემ.