მედია: ბოლო 10 წელში ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის, და პარლამენტის წევრის, “ქართული ოცნებიდან” ზაალ დუგლაძის, კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მილიონი ლარი მიიღეს

საქართველოს მთავრობამ 2013 წლიდან დაიწყო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის ხელშეწყობა და მეწარმეებისთვის იაფი ფინანსური რესურსის უზრუნველყოფა. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვინ მიიღებს შეღავათიან კრედიტს, კომერციული ბანკები იღებენ. მთავრობა სესხის პროცენტს ფარავს.

“მონიტორმა” გაარკვია, რომ პროგრამის ფარგლებში, ათეულობით მილიონი ლარით დაფინანსდნენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული პირები, აგრეთვე დეპუტატები და მილიონერი ბიზნესმენები. „მონიტორის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში გიამბობთ, ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც სოფლად საქმიანობის დაწყებისა და განვითარების საბიუჯეტო პროგრამებიდან სარგებელი მიიღეს.

გრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება სოფლის მეურნეობის სფეროში…“

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 27 ივნისს გააკეთა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოვიდა.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა „შეღავათიან აგროკრედიტზე“ და „დანერგე მომავალზე“. ახსენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები და ბენეფიციარების რაოდენობა.

პროგრამებში მონაწილეთაგან რამდენიმე ირაკლი კობახიძის ამ გამოსვლას უშუალოდ პარლამენტარისთვის განკუთვნილი სავარძლიდან უსმენდა. მათ შორის იყო ზაალ დუგლაძე.

19 მილიონი ლარი ივანიშვილი-დუგლაძეების კომპანიებს

2020 წელს ზაალ დუგლაძე პარლამენტის წევრი გახდა „ქართული ოცნებიდან“.

კომპანიები, რომლებშიც ის წილს ფლობს, მონაწილეობენ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

ზაალ დუგლაძის ბიზნეს-პარტნიორია ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი.

2015-2025 წლებში ზაალ დუგლაძის და ალექსანდრე ივანიშვილის ოთხი საერთო კომპანიის სესხის პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარით დაფინანსდა (18,295,131 ლარი).

„შეღავათიანი აგროკრედიტით“ დაფინანსდა ამ კომპანიების მიერ ძირითადად ღვინისა და არყის წარმოება, ასევე ყურძნისა და ტექნიკის შეძენა.

შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ მეწილე ალექსანდრე ივანიშვილი 2015 წელს გახდა. მანამდე ამ კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტიდან“ 820,651 ლარი მიიღო.

პარლამენტარ ზაალ დუგლაძის კუთვნილ წილებს მისი ძმა, დავით დუგლაძე მართავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. ამავდროულად, დავით დუგლაძე თავადაც ფლობს წილებს „შეღავათიან აგროკრედიტში“ მონაწილე ოთხივე კომპანიაში.

ამის გარდა, 2025 წელს სს „კოტეხი გურჯაანის ღვინის ქარხანას“ 1,000,800 ლარის ტენდერი გაუფორმა პირდაპირი მიყიდვის წესით ყურძნის გადამუშავებისა და გადაზიდვისთვის შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“. ეს უკანასკნელი სახელმწიფო საწარმოა.

ამრიგად, ბოლო 10 წლის განმავლობაში დუგლაძე-ივანიშვილის კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამისა და პირდაპირი ტენდერების საშუალებით მინიმუმ 19 მილიონი ლარი (19,295,931 ლარი) მიიღეს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სს „კოტეხი გურჯაანის ღვინის ქარხნის“ წმინდა მოგება 2024 წელს 10,024,778 ლარი იყო, ხოლო 2023 წელს 4,013,702 ლარი.

შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ წმინდა მოგება კი, 2024 წელს 21,803,569 ლარი იყო, ხოლო 2023 წელს 3,017,292 ლარი.

მომგებიანი კომპანიების მფლობელი ზაალ დუგლაძე თავადაც მილიონერია. ბოლოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიიდან“ 1,470,979 ლარი მიიღო.

“ფორბსის” მიხედვით, ძმები დავით და ზაალ დუგლაძეები საქართველოს 100 უმდიდრეს მეწარმეს შორის, მე-80 ადგილს იკავებენ.

ჩვენ პარლამენტარ ზაალ დუგლაძეს, ალექსანდრე ივანიშვილსა და დავით დუგლაძეს მივწერეთ, რატომ დასჭირდათ კომპანიების სესხის პროცენტის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მიღება.

ალექსანდრე ივანიშვილმა გვიპასუხა: “მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ აღნიშნული პროექტის  ფარგლებში პროცენტის თანადაფინანსება ხდება საბრუნავი საშუალებების (მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვისთვის) და მანქანა-დანადგარების შესაძენად. შესაბამისად,  არსებული რეალობის გათვალისწინებით, პროექტით შეუფერხებლად სარგებლობს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ღვინის კომპანია მიუხედავად იმისა თუ ვინ არიან მათი დამფუძნებლები”.

ალექსანდრე ივანიშვილის მიერ, “მონიტორისთვის” გამოგზავნილი პასუხის სრულად წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: ალექსანდრე ივანიშვილი

დავით დუგლაძემ მოგვწერა – “მოგეხსენებათ, სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსება და დარგის სუბსიდირება მიღებული პრაქტიკაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს წამყვან ღვინის მწარმოებელ ქეყნებშიც. თავად სესხის გაცემის პროცედურასთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ სოფლის განვითარების სააგენტო საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ახორციელებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფინანსური ინსტიტუტი უზრუნველყოფს კრედიტის დამტკიცებას ბენეფიციარის სასარგებლოდ”.

დავით დუგლაძის მიერ, “მონიტორისთვის” გამოგზავნილი პასუხის სრულად წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: დავით დუგლაძე

პარლამენტარმა ზაალ დუგლაძემ ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა.

საქართველოს პარლამენტში მისვლა და პარლამენტის წევრისთვის კითხვის დასმა ვერ შევძელით. ახალი წესების მიხედვით, პარლამენტში შესვლამდე საჭიროა კონკრეტული მიზეზის მითითება სპეციალური საშვის მისაღებად. როდესაც გაიგეს, რომ ზაალ დუგლაძესთან ინტერვიუს ჩაწერა გვინდოდა, პარლამენტმა საშვის გაცემაზე უარი თქვა.

ვრცლად