მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ აცხადებს, რომ სასამართლომ ბალდის ინვესტორი, კომპანია „კანიონი 350“-ის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე უკვე მეორედ ცნო სისხლის სამართლის დამნაშავედ. მოძრაობის წევრზე, თაზო რუხაიაზე ჯგუფურად ძალადობის საქმეზე მერკვილაძესთან ერთად სასამართლომ დამნაშავედ ცნო გიორგი ჯანაშია და გუჯა გურგენიძე.
აქტივისტი სალომე სიმონია „პუბლიკას“ ეუბნება, რომ სენაკის რაიონულმა სასამართლომ თითოეულს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შემთხვევა 2023 წლის ორ ნოემბერს მოხდა.
„იხელთეს მომენტი, როდესაც არც კამერა გვქონდა ჩართული და სულ 4 ადამიანი ვიყავით ადგილზე, ისინი 15-მდე იყვნენ. თავიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, მაგრამ ამას არ დასჯერდნენ. თვითონ ინვესტორი გიორგი მერკვილაძე იყო, ვინც ჩემზე გამოიწია და ხელი გამარტყა. 6-7 ადამიანი დამესია. გამანეიტრალეს, თან, მირტყამდნენ. დანარჩენებიც ასე დაჭერილი ჰყავდათ“, – ამბობდა თაზო რუხაია 2023 წლის ნოემბერში „ნეტგაზეთთან“.
პოლიცია ადგილზე აქტივისტებმა გამოიძახეს. გამოძეიბა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა.
მანამდე „კანიონი 350“-ის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე სენაკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის, ცოტნე თვარაძის მიმართ ძალადობის საქმეზე. მაშინ გიორგი მერკვილაძეს 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მერკვილაძე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა და გაასაჩივრა. „მოძრაობა ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ ამბობს, რომ სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
„ბალდის კანიონი 40 წლიანი იჯარით გადაცემულია ისეთ ხალხზე, რომლებიც ადგილობრივებზე ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობენ და უკვე 667 დღეა სოფელი ამ ტერორში ცხოვრობს“, – აცხადებს მოძრაობა.