მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე “პირველებისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მოკლულის დედა ამბობს, რომ მისი შვილის სასტიკ ცემაში არა ერთი, არამედ არასრუწლოვნების ჯგუფი მონაწილეობდა. როგორც ქალი ამბობს, ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა 16 წლის გოგოც, რომელმაც შეყვარებული მათემატიკის მასწავლებელზე აეჭვიანა. ცნობილია, რომ მოზარდები ავალიანთან მათემატიკაში ემზადებოდნენ.
ოჯახი ყველა პირის დასჯას კატეგორიულად ითხოვს.
მომხდარზე “პირველებთან” ადგილობრივებიც საუბრობენ.
მე ასე გავიგე, რომ ვისაც ამზადებდა, მაგათ შორის მოხდა რაღაცა. ვითომ იმ გოგოს შეყვარებული ჰყავდაო და ეს ბიჭი, ძალიან კარგი ბიჭი, ჭკვიანი, სიმპათიური, ვითომ მასწავლებელი ასეთი კარგი მყავსო, აეჭვიანა შეყვარებული და ეჭვიანობის ნიადაგზე ეტყობა, დახვდნენ. გოგოც მონაწილეობდა კი, 16 წლისო. თავში ჩაურტყამთ ბლაგვი საგანი, გაითიშა, ეგდო ძირს. მერე მიიყვანეს საავადმყოფოში და გარდაიცვალაო, – ამბობს “პირველებთან” ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის გიგა ავალიანი ორი დღის წინ კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას თბილისში, თემქაზე ჩაუსაფრდნენ, სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს.
მასწავლებელი რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო და ექიმები მის გადარჩენას გუშინდელ დღემდე ცდილობდნენ.
შსს-მ მომხდარზე 17 წლის მოსწავლე დააკავა. მას ბრალი ცემის მუხლით ჰქონდა წაყენებული, თუმცა მას შემდეგ, რაც მათემატიკის მასწავლებელი გარდაიცვალა, დაკავებულს, სავარაუდოდ, მუხლი დაუმძიმდება.




