აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პოლონეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის მნიშვნელოვან პროექტს მწვანე შუქი აუნთო და დაამტკიცა Javelin-ის სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებული გარიგება, რომლის ღირებულება დაახლოებით 780 მილიონი დოლარია, – ინფორმაციას უკრაინული ინგლისურენოვანი გამოცემა Kyiv Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ კონგრესისთვის წარდგენილი შეტყობინების თანახმად, გარიგება მოიცავს FGM-148F Javelin-ის 2 506 რაკეტას და 253 სამართავ-გამშვები ბლოკს.
სააგენტოს განმარტებით, პოლონეთის ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო შესაძლებლობების ეს მნიშვნელოვანი განახლება მიზნად ისახავს „ნატო-ს მოთხოვნების დაკმაყოფილების უნარის გაუმჯობესებას“.
Kyiv Post-თან საუბრისას, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Javelin-ების მიყიდვის დამტკიცება ვაშინგტონის მიერ ვარშავის მხარდაჭერის „ხელშესახებ ნიშნად“ შეაფასა.
ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი მოსკოვის მიერ სამხედრო პროვოკაციების სერიას მოჰყვა. 10 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცეში 20-ზე მეტი რუსული რაკეტა შეიჭრა. ამ მოვლენამ ნატო-ს თვითმფრინავების უპრეცედენტო რეაქცია გამოიწვია, რომლებმაც რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. გარდა ამისა, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარცინ კიერვინსკიმ, გუშინ დაადასტურა, რომ ქვეყნის სასაზღვრო დაცვამ რუსეთიდან და ბელარუსიდან დრონების აქტივობის ზრდა დააფიქსირა.
