საქართველოს საპატრიარქო 13 თებერვალს გამართული სინოდური კომისიის სხდომის დასკვნებს აქვეყნებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სინოდურ სხდომაზე განიხილეს პუტინისტი მღვდლის, სპირიდონ ცქიფურიშვილის საქმე. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ “დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მასმედიის საშუალებით სასულიერო პირების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო კომისიის წევრების წინაშე შენდობა ითხოვა”.
კომისიამ კი მისი “სინანულის საფუძველზე”, შუამდგომლობით მიმართა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე), რომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს სრულად აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება.
პუტინისტი მღვდელი სპირიდონი, 2021 წლის 5 ივნისს პარლამენტთან შეკრებილ პრორუსულ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდა.
გარდა ამისა, კომისიამ პატრიარქ ილია მეორეს შუამდგომლობით მიმართა დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ.
“მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით – უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული”. – წერია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, კომისიამ არასაპატიოდ სცნო მამა პეტრე კოლხის არგუმენტები და მისთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ პატრიარქს მიმართა.
სინოდური კომისიის წევრები საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი (კომისიის თავმჯდომარე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი) იყვნენ.