საზოგადოებაში ახალი კითხვები გაჩნდა იმის შესახებ, დამალეს თუ არა აქციებზე დაშავებულებისა და ქიმიური ნივთიერებით მოწამლულთა რეალური რაოდენობა. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომელმაც სახელმწიფოს ოფიციალური ვერსია თავდაყირა დააყენა: აქციებზე დაზარალებულთა რაოდენობა 207 ადამიანს შეადგენს და არა 54-ს, როგორც სუსი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებდა.
ოპოზიცია და აქტივისტები ხელისუფლებას საქმის ჩაფარცხვაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, კობახიძის გუნდი ვერ ახერხებს ვერც ტოქსიკური ნივთიერებების მარაგების სრულად დათვლას და ვერც მათი შენახვის წესების ახსნას.
განსაკუთრებულ კითხვებს იწვევს ქიმიური საშუალებების ვადის საკითხი: თუ ცრემლსადენი გაზი და გამხსნელი ნივთიერებები წინა ხელისუფლების დროს იყო შეძენილი, მათ ვადა მინიმუმ 15 წლის წინ უნდა გასვლოდათ.
ამ ფონზე ისევ ღიაა მთავარი კითხვები – რატომ ინახებოდა ვადაგასული ქიმიკატები შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობებში? სად არის მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები?
საზოგადოება და ოპოზიცია ახლა ითხოვენ, რომ გამოძიებამ პასუხი გასცეს ყველა კითხვას, რადგან საქმე ეხება ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.




