მედია: აქვს თუ არა მოსამართლე ნინო სახელაშვილს იურისტის დიპლომი? – ადვოკატები განმარტებას ითხოვენ

მზია ამაღლობელის ადვოკატები 5 თვეა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ითხოვენ ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ეს საკითხი ადვოკატებმა კიდევ ერთხელ დააყენეს.

მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, არც იუსტიციის საბჭო და არც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნინო სახელაშვილის იურიდიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს არ ასაჯაროებს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არსებითად განიხილა  მზია ამაღლობელის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე და მას 2-წლიანი სასჯელიც გამოუტანა.

ადვოკატების თქმით, არის თუ არა სახელაშვილი სისხლის სამართალში კვალიფიცირებული, მზია ამაღლობელის დაცვის მხარისთვის უმნიშვნელოვანეს გარემოებას წარმოადგენს.

მაია მწარიაშვილის თქმით, ის ინფორმაცია, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული  ნინო სახელაშვილის შესახებ, აჩენს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აკმაყოფილებს მისი კვალიფიკაცია საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს.

ოფიციალური სივის მიხედვით, ნინო სახელაშვილმა 2010 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით, ხოლო 2012 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა კერძო სამართლის სპეციალიზაციით.

2011 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი, 2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში, ხოლო 2020-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

ის რომ ნინო სახელაშვილს სისხლის სამართალში კვალიფიკაცია არ აქვს, 18 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე თავადვე დაადასტურა. ახლა ადვოკატები ეძებენ დოკუმენტს, რომლითაც მისი იურიდიული განათლება დადასტურდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ლევან გამრეკელმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად და ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს