რამდენიმე კვირაა, ბათუმის მერია ბულვარში და სანაპირო ზოლზე არსებულ სავაჭრო ობიექტებს ანგრევს. „უსახური და უნებართვო“ – ასე მოიხსენიებს მერიის მუნიციპალაური ინსპექცია დანგრეულ ობიექტებს, რომელსაც ბულდოზერით გადაუარეს.
თუკი ჯიხურები და სხვა ობიექტები უნებართვოდ იყო განთავსებული ბულვარში, როგორ აძლევდა მერია წლების განმავლობაში მათ ფუნქციონირების საშუალებას? სად იყო მერი, სად იყვნენ ზედამხედველობის და აღსრულების სამსახურები?
ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია, რომელსაც „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა, ამბობს, რომ აქამდე ბულვარი თორნიკე რიჟვაძესთან და ყოფილ მერს, არჩილ ჩიქოვანს ჰქონდათ გადანაწილებული, ახლა პოლიციელებმა – გიორგი ცინცაძემ და სულხან თამაზაშვილმა გადაინაწილეს.

ვაჟა დარჩია
„აღსრულება იმიტომ გახდა მნიშვნელოვანი, რომ სრულიად შეიცვალა მმართველი რგოლი რეგიონში. შეიცვალა როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ასევე ქალაქის მერი, ბულვარის დირექტორი კი პოლიციის მეექვსე განყოფილების უფროსია.
ის ადამიანები, ვინც ამ ტერიტორიაზე ძირითადად ბიზნესებს აკეთებდნენ, იყო რიჟვაძის და ჩიქოვანის გუნდი, მათთან დაახლოებული ადამიანები, ასე ვთქვათ. ახლა ეს ხალხი გაიყვანეს და საკუთარი გავლენებს ზრდიან. ეს არ არის მაინცა და მაინც კავშირში ბულვარის გენერალურ გეგმასთან.
ეს რომ ასე იყოს, მაშინ G17-ის და „სან-რემოს“ მეპატრონეები როგორ ახერხებენ პლაჟზე ფუნდამენტური ნაგებობის აშენებას? როგორ ფართოვდება „სან-რემო“, მაშინ როცა რეკომენდაციაა, რომ ბათუმის სანაპირო ზოლზე არ უნდა იყოს ფუნდამენტური ნაგებობები.
ის, რომ ბულვარის შესასვლელში ქორწინების სახლი დაანგრიეს და ესეც გენგეგმის ნაწილი იყო, ესეც ტყუილია. მაშინ რატომ ვტოვებთ „სან-რემოს“, G-17-ს“, შერჩევითად ხდება დოკუმენტის აღსრულება? მაგრამ, გადავხედოთ ვინ არიან ამ ობიექტების მფლობელები – რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ მოქმედ გუნდთან დაკავშირებული პირები.

დანგრეული ქორწინების სახლი ბულვარში
თუ ბულვარის გენგეგმა იყო ამ ნგრევის ამოსავალი, ეს ორი ნებართვა რატომ გაიცა და რატომ დაინგრა სხვა შენობები?
ის ჯიხურები, რომლებიც სუვენირების გამყიდველებს წაართვეს და გაიტანეს, თავის დროზე ხომ იყო მერიასთან შეთანხმებული, თუ მაშინ არ იყო უსახური, ახლა რატომ გახდა. თუ უსახური იყო, რატომ შეითანხმეს?
ის, რომ დანგრევა მოუხდათ ამ ობიექტების და თავად მეპატრონეებმა არ გაიტანეს, ესეც იმ პრაქტიკის შედეგია, რასაც აქამდე აწარმოებდა მერია, რომ გაფრთხილების მიუხედავად არ ხდებოდა აღსრულება და ეს ადამიანებიც მიეჩვივნენ, რომ მაინც არავინ დაანგრევდა.
არჩევნების წინ სჭირდებოდა ამ ხალხის ხმები „ოცნებას“ და არ აწყობდა ხალხის განაწყენება და აქაც პოლიტიკური ინტერესები იყო“, – ამბობს ვაჟა დარჩია.

დანგრეული კაფეები ბულვარში.
მისი აზრითაც, ბათუმის ბულვარში ბევრი უსახური და გაუმართავი ობიექტი იდგა, მათ შორის ბავშვთა გასართობ სივრცეებში. ამას მოჰყვა კიდეც მძიმე შედეგები და დაშავდა მცირეწლოვანი ბავშვი, თუმცა მერიას არც მაშინ მიუღია მკვეთრი ზომები.
„წლების განმავლობაში შენდებოდა ეს ობიექტები ბულვარში უნებართვოდ, კანონდარღვევით, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა იდენტიფიცირებული იყო და ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით. „ქართულმა ოცნება“ თავად მიიღო ამნისტიის კანონი და ხელი შეუწყო უნებართვო და კანონთან შეუსაბამო ნაგებობების „გაპრავებას“.
ახლა, აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ, დაიწყო თითქოს ამ ობიექტების დაშლის პროცესი, ბულვარის გენერალური გეგმის აღსრულების ნაწილში“ – ამბობს ვაჟა დარჩია.
ბათუმის ბულვარის გენგეგმა, რის მომზადებაშიც ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ბათუმის საკრებულომ 2022 წლის აგვისტოში დაამტკიცა. რატომ დაიწყო აღსრულება 4 წლის დაგვიანებით? – ვკითხეთ ვაჟა დარჩიას.
მისი თქმით, გენგეგმის მიხედვით უნდა დანგრეულიყო ბულვარში უნებართვოდ აშენებული „ამბასადორიც“, თუმცა მოგვიანებით დოკუმენტში შესწორება შეიტანეს და ასე დატოვეს უკანონო მშენებლობა ბულვარის ცენტრში.
„ეს შესწორება გულისხმობდა იმას, რომ დოკუმენტში ეწერა შეუსაბამოა „ამბასადორი“ ბათუმის ბულვართან და ეს ჩაასწორა საკრებულომ. თუ ჩვენ ვერ ვწყვეტთ საკითხს, მაშინ რატომ ვიხდით გენგეგმაში ამდენ ფულს? მაგრამ „ამბასადორ ჯგუფი“ ერთ-ერთი საყრდენია „ოცნების“ ხელისუფლების.
ბათუმის ბულვარის გენერალური გეგმა საუბრობს ბათუმში ფუნქციურ ზონებზე. თუმცა რა ზონებზეა საუბარი, ჩვენ რაიმე განცხადება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციიდან, მერიიდან, აჭარის მთავრობიდან არაფერი გაგვიგია. არ გაგვიგია არაფერი იგივე კლუბურ ზონაზე, გასართობ ზონაზე, კაფეების ზონაზე. ვხედავთ მხოლოდ ნგრევას“, – ამბობს ვაჟა დარჩია.

„უსახური და უნებართვო“ – ამ მოტივით დაანგრია მერიამ ობიექტები ბულვარში.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ბულვარში გამწვანებული ადგილის ჩაბეტონებას და საბავშვო კუთხის მოწყობას გეგმავს. რკინა-ბეტონის ფილით და კაუჩუკით სულ მცირე 500 კვადრატული მეტრი ფართობი დაიფარება. მოეწყობა ბეტონის სკამები.
სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 374 ათას 201 ლარია.
ამ გეგმის მიხედვით, ბათუმის ბულვარში კიდევ უფრო შემცირდება მწვანე საფარი.
ვაჟა დარჩიას ვკითხეთ, იცის თუ არა ამის შესახებ საკრებულომ და რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება მაშინ, როცა ბულვარის გენგეგმა მწვანე საფარის გაზრდას ითვალისწინებს და არა შემცირებას?
მისი თქმით, პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ მწვანე საფარი გენგეგმით პრიორიტეტია.
„რა თმა უნდა, გამწვანებას მთავარი როლი უკავია ამ გენგეგმაში და რეკომენდაციაცაა, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს ბულვარში მწვანე სივრცეები“, – გვეუბნება ის.
„ბათუმელები“ ეცდება გაარკვიოს, ამჯერად რატომ არღვევს მერია დამტკიცებულ გენგეგმას.




