მედია: არსებული ინფორმაციით, 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით დღეს დილიდან რამდენიმე პირი დააკავა,­ დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები, ლარა ნაჭყებია და ნინო სვანიძე. სოციალურ ქსელში ვრცელდება კიდევ რამდენიმე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ნინო სვანიძის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სავარაუდო დაკავება საპროტესტო აქციას უკავშირდება.

ასევე, იურისტი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ დაკავებულ ლარა ნაჭყებიას ტროტუარზე შარფით ყოფნას ედავებიან. იურისტი დაკავებას უკავშირებს ბოლო დროს მიღებულ კანონს, რომლის თანახმად, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა და შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა იწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

„ერთადერთი, რასაც ამ ადამიანს ედავებიან არის ის, რომ ტროტუარზე შარფით იდგა და შარფით სახეს იფარავდა ტროტუარზე. გზის გადაკეტვაზე არაფერს არ ამბობენ იმას, რომ გზის გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო. ადამიანი არის დაკავებული ტროტუარზე შარფით დგომის გამო. ეს მუხლი ითვალისწინებს 15-დღემდე პატიმრობას, როგორც ბოლოს განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს ამას“, – აღნიშნავს ნიკა სიმონიშვილი „ტვ პირველთან“.

ასევე, ერთი-დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს სახლის ეზოში.

„დააკავეს საცხოვრებელი სახლის ეზოში დაახლოებით 11:00 საათზე. ამის შემდეგ მეუღლეს განუცხადეს, რომ მიჰყავდათ სასამართლოში გზის გადაკეტვის გამო და ისიც უთხრეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმა უნდა დაეწერათ მისთვის 5 000 ლარიანი და შემდეგ გამოუშვებდნენ”, – აცხადებს კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი და დასძენს, რომ სახალხო დამცველიც ჩართულია საქმეში, რომ გაუწიოს კოორდინირება, თუ სად ჰყავთ დაკავებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი იურისტის, თეონა ზაქარაშვილის განცხადებით კი, არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე რამდენიმე მოქალაქის დაჭერასთან დაკავშირებით ზარი შევიდა.

როგორც იურისტი განმარტავს, მათ არ ეძლევათ საშუალება, რომ სავარაუდო დაკავებულები მოინახულონ იქამდე სანამ, დროებითი მოთავსების იზოლატორში ან სასამართლოში არ იქნებიან გადაყვანილი.

„არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე შემოვიდა ზარი რამდენიმე მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით.

არ გვაძლევენ შანსს, რომ შევხვდეთ დაკავებულ პირებს მანამ, სანამ ისინი ან დროებითი მოთავსების იზოლატორში ან სასამართლოში არ იქნებიან გადაყვანილი. ზუსტად არ ვიც, რას ედავება. სავარაუდოდ, იმ აქციებს ვუკავშირებთ, რომელიც უკვე 325 დღეა დედაქალაქში მიმდინარეობს“, – განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.

გარდა ამისა, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავებმა ის, სავარაუდოდ, დააკავეს.

„ძირს ივანიშვილის დიქტატურა, ძირს მისი მონა-ჯალათები“, – აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს.

„ინტერპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.