მედია “აპრილის” რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე “გზის გადაკეტვის” საფუძვლით, 5000 ლარით დააჯარიმეს

მედია “აპრილის” ინფორმაციით, დააჯარიმეს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე გზის უკანონო გადაკეტვის საფუძვლით სამართალდარღვევის ოქმი ჟურნალისტს 4 აპერილს შეუდგინა.
როგორც “აპრილში” აცხადებენ, ღოღობერიძემ ოქმი წერილობით გაასაჩივრა და ზეპირადაც განუმარტა უწყებას, რომ ის აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. თუმცა, -მ საჩივარი არ დააკმაყოფილა. დადგენილებაში, რომელიც ღოღობერიძეს ჩააბარეს ის მოხსენიებულია აქციის მონაწილედ.
“გასაჩივრების შემდეგ, მათ მტკიცებულებები მოითხოვეს, კერძოდ, გამოქვეყნებული მასალები. მედია აპრილმა უწყებას არაერთხელ განუმარტა, რომ ჟურნალისტური მოვალეობის შესრულება არ გულისხმობს მხოლოდ შესაბამისი მასალის პროაქტიულად გამოქვეყნებას და შეიძლება ჟურნალისტი კვირების და თვეების განმავლობაში იძიებდეს კონკრეტულ საკითხს, რომელიც გამოქვეყნდება მოგვიანებით ან, შეიძლება, მიზეზთა გამო, საერთოდ ვერ გახდეს საჯარო. აღვნიშნეთ ისიც, რომ ჟურნალისტური საქმიანობაა მასალის შეგროვება შემდგომი გაშუქების მიზნითაც, ასევე, პროცესებზე დაკვირვება და ა.შ. ამასთან, შეიძლება ჟურნალისტი ტერიტორიაზე მუშაობის მიზნით იმყოფებოდეს და აკვირდებოდეს პროცესებს, ხოლო გაშუქება ან არ გაშუქება გადაწყვიტოს მიმდინარე ამბის საინფორმაციო ღირებულებიდან გამომდინარე. ეს მხოლოდ სარედაქციო გუნდის გადასაწყვეტია, რაც შსს-ს არაერთხელ განემარტა. მიუხედავად ამისა, უწყებას მედია აპრილის მიერ იმ დღეს მომზადებული მასალები მივაწოდეთ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით”, – წერია “აპრილის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.