ივანიშვილის წარმომადგენელი, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციას იწყებს.
ბოჭორიშვილის მიერ უწყების თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომ მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო უწყების რეფორმაზე.
რეფორმის მიხედვით, გაძლიერდება არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ; ამოქმედდება საქართველოს არარეზიდენტი ელჩების ინსტიტუტი; გაიხსნება ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო სამსახურები; შეიქმნება 4 პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს 10 დეპარტამენტს და 25 სამმართველოს.
ბოჭორიშვილის წერილის თანახმად, რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელდება რეორგანიზაცია, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურაში და საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
თანამშრომლებმა უკვე მიიღეს, სტრუქტურული სქემა და რეორგანიზაციის ბრძანება.
ტაბულა ბოჭორიშვილის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილს გთავაზობთ:
“საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელება, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით, ძლიერი საგარეო სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას მოითხოვს.
ურთულეს რეგიონში და სწრაფად ცვალებად თანამედროვე გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, დიპლომატიური სამსახურის სისტემის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქვეყნისთვის, რომლის წინაშეც უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევას ორი რეგიონის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა წარმოადგენს.
განვითარებასთან ერთად, თვისობრივად იცვლება ქვეყნის პერსპექტივები და საქართველოს წინაშე ახალი შესაძლებლობები იხსნება. ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, მათი წარმატებით ათვისება დიპლომატიური სამსახურის მოქნილობას მოითხოვს.
ახალ შესაძლებლობებს ახალი გამოწვევებიც მოჰყვება, რაც სუვერენული საგარეო პოლიტიკის განმტკიცებას, ქვეყნის ინტერესების სიღრმისეულ გაცნობიერებას და დიპლომატიური ინსტრუმენტების უფრო ეფექტიანად გამოყენებას საჭიროებს.
იზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მიმზიდველობა, რაც თვისობრივად ცვლის საკონსულო სამსახურის საჭიროებებს. ამასთან, გასული ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის წინაშე არსებულმა სირთულეებმა და მეორე მხრივ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გლობალურად გახსნილმა შესაძლებლობებმა, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს დაამკვიდრებინა თავი საქართველოს საზღვრებს გარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მათთან კავშირი, სერვისების მიწოდება და მათ უფლებებზე ზრუნვა. ეს კი, საქართველოს საკონსულო სამსახურების სისტემის მნიშვნელოვნად გაძლიერებას მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუდმივად ხორციელდებოდა გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები, თანამედროვე საჭიროებებით განპირობებული ფუნდამენტური ანალიზი და სისტემის კომპლექსური რეფორმა არასდროს განხორციელებულა.
სწორედ ამიტომ, დავიწყეთ მუშაობა საქართველოს საგარეო უწყების რეფორმაზე, რომლის ეტაპობრივი განხორციელებაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ეროვნული ინტერესების დასაცავად და მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებლად, ჰქონდეს, რაც შეიძლება ძლიერი წარმომადგენლობა საზღვრებს გარეთ, ოპტიმალური ცენტრალური აპარატი და ეფექტიანი კოორდინაციის ყველა საჭირო მექანიზმი.
რეფორმის შედეგად, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების შესაბამისად, გაძლიერდება არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ; ამოქმედდება საქართველოს არარეზიდენტი ელჩების ინსტიტუტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების არეალის გაფართოებას; გაიხსნება ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო სამსახურები; ცენტრალური აპარატის ეფექტიანობისა და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებისთვის, შეიქმნება 4 პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს 10 დეპარტამენტს და 25 სამმართველოს; სამინისტროს ფუნქციონირებისთვის ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსით უზრუნველყოფაზე იზრუნებს რესურსების მართვის გენერალური დირექტორატი; სამინისტროს ცენტრალურ აპარატს შეერწყმება სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები; დამწყები დიპლომატებისთვის ამოქმედდება ორწლიანი გამოსაცდელი ვადა, რაც ასევე მოიცავს საზღვარგარეთ წარმომადგენლობებში მოკლევადიანი სამსახურის/პრაქტიკის გავლას.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეძლო პროფესიონალი დიპლომატების არაერთი თაობის შექმნა. დაგროვდა დიდი გამოცდილება და ამასთან ერთად, საჭიროებებიც კარგად გამოჩნდა. გამოცდილი დიპლომატების გვერდიგვერდ საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული, თანამედროვე საჭიროებებზე კარგად მორგებული თაობა, რომელიც ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში საგარეო ასპარეზზე.
რეფორმამ შესაძლებლობა უნდა მისცეს პროფესიონალ დიპლომატებს უკეთ მოახმარონ საკუთარი გამოცდილება სახელმწიფოს ინტერესების დაცვას; ახალგაზრდა თაობას კი უნდა გაუჩინოს უკეთესი შესაძლებლობები საგარეო სამსახურში დაიმკვიდროს თავი, ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე; ამასთან, ყველას მიეცეს კარიერული ზრდის ობიექტური შესაძლებლობები.
საგარეო სამსახურის რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელდება რეორგანიზაცია, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურაში და საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
სამსახურებრივი სარგებლობისთვის გიზიარებთ, სამინისტროს სტრუქტურის პროექტს, რომელიც დამტკიცდება შესაბამისი პროცედურების დასრულების და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და ამოქმედდება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას სამინისტროს სისტემაში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ” – წერია წერილში.