მედიაჩეკერის ინფორმაციით, გადაცემა “ამ შაბათ-კვირას” წამყვანებმა, ლიკა ევგენიძემ და გიორგი შარვაშიძემ გადაცემის დახურვის შემდეგ ტელევიზიის ახალ შეთავაზებაზე, შუადღის გადაცემაში გადასულიყვნენ, უარი თქვეს და საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვეს.
“მე და გიორგის შემოგვთავაზეს შუადღის გადაცემაში გადასვლა, მაგრამ უარი ვთქვით იმიტომ, რომ გადაცემა “ამ შაბათ-კვირას” დახურეს, ჩვენი პროდიუსერები გაუშვეს და ამის გამო ჩვენც აღარ გავაგრძელეთ მათთან კონტრაქტი”. – უთხრა ევგენიძემ მედიაჩეკერეს.
25 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა ამ შაბათ-კვირას დახურა, ამის შესახებ Mediachecker-თან გადაცემის პროდიუსერმა, თამარ ჭინჭარაულმა ისაუბრა.
ჭინჭარაულის ცნობით, მას რადიოს გადაცემებზე გადასვლა შესთავაზეს, უარის თქმის შემთხვევაში კი, მიუთითეს, რომ მასთან ხელშეკრულება 1 აგვისტოდან შეწყდებოდა.
შეთავაზებაზე უარი მასთან ერთად უკვე თქვეს გუნდის სხვა წევრებმაც: მარიამ ფირცხალავამ, ნია ბარაბაძემ და ანა აბაკელიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა რეალური სივრცის გუნდის მიერ 5 მაისს გაკეთებული განცხადებით, მას შემდეგ, რაც საზმაუდან გაათავისუფლეს გადაცემის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი, მენეჯმენტმა შეატყობინა, რომ თოქშოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება, ამასთან ერთად, ჟურნალისტების თქმით, “საზმაუს მენეჯმენტის სურვილია დაშალოს “რეალური სივრცის გუნდი და საკუთარი გადაწყვეტილებით გაანაწილოს მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე”.
ცნობისთვის, 11 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გადაცემა მოამბის წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და გადაცემა რეალური სივრცის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს.
ჟურნალისტების განცხადებით, ტელეკომპანიის განმარტებით, გათავისუფლების საფუძველი არხის “შიდა მოკვლევის დასკვნა” გახდა.
ამავე დროს, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის “ეჭვქვეშ დაყენების” გამო დისციპლინური სანქციები დაუწესდა საზმაუს 4 თანამშრომელს, გადაცემა რეალური სივრცის ჟურნალისტ თამარ მშვენიერაძეს, გადაცემის წამყვან სოსო კაციტაძეს, გადაცემა პულტის რეჟისორ კახა მელიქიძეს და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორ ირმა ჩუბინიძეს.
18 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის 3 თანამშრომელს, გადაცემა რეალური სივრცის რედაქტორ ტუხა კვინიკაძეს, შაბათ-კვირის შოუს კორესპონდენტ ანა აბაკელიას და შაბათ-კვირის შოუს აღმასრულებელ პროდიუსერ თამარ ჯინჭარაულს გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საყვედური გამოუცხადა და გაფრთხილება მისცა.
ბერძენიშვილმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება 24 აპრილს ასევე მისცა კიდევ ერთ თანამშრომელს, ტექნიკისა და ტექნოლოგიების მემონტაჟეთა და გრაფიკოსთა ჯგუფის მემონტაჟე-ოპერატორს, გივი კიტიას.