მედიამენეჯერებმა პრეზიდენტს გაუარესებულ მედიაგარემოზე ინფორმაცია მიაწოდეს

საქართველოს პრეზიდენტი მედიამენეჯერებს შეხვდა და მიუნხენის კონფერენციაზე გამგზავრებამდე მათგან მედიაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
ფორმულას გენერალური დირექტორის ზურაბ გუმბარიძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს დაზარალებულ ჟურნალისტებსა და არსებულ დაუსჯელობის სინდრომზე, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელ მზია ამაღლობელსა და მედიაში არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე.
“ქალბატონ პრეზიდენტს, პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ განებივრებული ხელისუფლების რომელიმე შტოდან იმ დამოკიდებულებით, რომ ჩვენი პრობლემები აინტერესებდეთ, პირიქით, ჩვენთვის პრობლემების შექმნით არის ყველა სხვა ინსტიტუცია დაკავებული და ქალბატონი პრეზიდენტი ერთადერთი გამონაკლისია.
ჩვენ ვისაუბრეთ დაზარალებულ ჟურნალისტებზე, დაუსჯელობის სინდრომზე, იმაზე, რომ არავინაა ძალოვნებიდან დაკავებული და არანაირი რეალური საგამოძიებო მოქმედებები არ იქნა ჩატარებული ხელისუფლების მხრიდან. ცხადია, ვისაუბრეთ მზია ამაღლობელზე, რომელიც ამ წუთას ალბათ ყველაზე მძიმე ამბავია ქართული მედიისთვის და ჩვენ ყველა სოლიდარული ვართ ქალბატონი მზიასი, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს მას ჯანმრთელობის და არ ვიცი, რაღაცნაირად, მათ შორის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ზეწოლა, რაც შეიძლება განხორციელდეს, იქნება უმნიშვნელოვანესი.
ასევე, რაზეც ვისაუბრეთ ცხადია არის ის ფინანსური პრობლემები, რაც დღეს ყველა მედიას აქვს. სხვადასხვა მიზეზებით არის ეს ყველაფერი განპირობებული – თუ აქამდე სატელევიზიო მედიები მეტ-ნაკლებად უფრო ფინანსურად სტაბილურები ვიყავით და გვქონდა საშუალება, რომ დასავლური დონორებისგან მიღებულ ფულზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული, ახლა დიამეტრულად არის სიტუაცია შეცვლილი და ოთხივე მედიამ – კავკასიამ, მთავარმა, TV პირველმა და ჩვენ ავუხსენით ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება დონორების დახმარება და ის განცხადებები, რაც გაკეთდა დასავლეთში, რომ თანხების დიდი ნაწილი გადმომისამართებული იქნებოდა საქართველოში, მათ შორის მედიის დასახმარებლად, ეს ამბავი არის ჩვენთვის ძალიან კრიტიკული და თან ძალიან გვეჩქარება. […]
ჩვენი თხოვნა იყო პრეზიდენტის მიმართ, რომ ევროპამ უნდა აიღოს თავის თავზე ლიდერის ფუნქცია საქართველოში და რეგიონში იმისთვის, რომ უკვე არა მხოლოდ ონლაინ მედიები, არამედ ტელევიზიებიც მოხვდნენ მათ ინტერესის საგანში.
ქართული ოცნება, უნდა აღინიშნოს რომ ემზადება იმისთვის, წინასწარ როგორ შეგვიქმნას პრობლემები და სამწუხაროდ, გაცილებით სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ჩვენი დასავლელი პარტნიორები. დემოკრატიები უფრო ნელა მოქმედებენ ხოლმე და გასაგებია, თუმცა გამოწვევები იმდენად ნათელი და თვალსაჩინოა, რომ იმედს ვიტოვებთ, შეიძლება უფრო სწრაფად მოხდეს მათი მხრიდან ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება, უბრალოდ, რაღაც მომენტი დადგეს და არც ერთი არხი არ მაუწყებლობდეს ქართულ ტელესივრცეში და მათ შორის, ფორმულასაც აქვს ასეთი საშიშროება”, – თქვა ზურაბ გუმბარიძემ.