„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელ მედიებზე ზეწოლა გააძლიერა და ამისთვის იყენებს კომუნიკაციების კომისიასა და სასამართლოზე თავის გავლენას.
„ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების ტენდენციის გამოხატულებად მიიჩნევს მედიაკოალიცია კომუნიკაციის კომისიის ქმედებებს და ოპოზიციური ტელევიზიებისთვის სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას. საუბარია უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველი მძიმე კადრების გამოყენებაზე მმართველი პარტიის საარჩევნო რეკლამებში და ტელევიზიების უარზე, გაეშვათ ეს რეკლამები ეთერში.
„კომუნიკაციების კომისიის ბოლოდროინდელი ქმედებები ხაზს უსვამს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების შემაშფოთებელ ტენდენციას. კერძოდ, მარეგულირებელმა “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს“, „ტვ პირველს“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, უკრაინელი ხალხის ტრაგედიის გამოყენების არაეთიკური რეკლამების გამოუქვეყნებლობის გამო. ევროპის კავშირმა საკუთარ რეზოლუციაშიც დაგმო „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინის ომის ფოტოების გამოყენება, რომლის მიზანიც წინასაარჩევნოდ „აზრის მანიპულირება, დეზინფორმაციისა და პრორუსული და ანტი-უკრაინული განწყობების გავრცელებაა“. ეს სადამსჯელო ზომები არა მხოლოდ არღვევს მედიის დამოუკიდებლობას, არამედ აძლიერებს პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც შეესაბამება მმართველი პარტიის დღის წესრიგს. ამავე პერიოდში მარეგულირებელმა კომისიამ „ედისონ რისერჩის“ კვლევის საფუძველზე ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების გამო ტელეკომპანია “ფორმულა“ სამართალდამრღვევად ცნო და ოქმი შეუდგინა. აღნიშნული გადაწყვეტილებაც მორიგი დასტურია სისტემური მიკერძოებისა, რომელიც საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და წინასაარჩევნოდ მედიის დასჯის მცდელობას წარმოადგენს. შედეგად საზოგადოება მოკლებულია სხვადასხვა თვალსაზრისს, რაც უზღუდავს პოლიტიკური პარტიების გზავნილების გაცნობასა და ერთმანეთთან შედარებას“, — ნათქვამია მედიაკოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კოალიციის განცხადებაში საუბარია ასევე იმაზე, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობა არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ართულებს, რადგან სასამართლოც იზიარებს კომუნიკაციების კომისიის დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს და კრიტიკულ მედიებს აჯარიმებს. ეს კი, კოალიციის შეფასებით, მკაფიო მცდელობაა კრიტიკული გაშუქებისა თუ განსხვავებული მოსაზრებების გაჩუმებისა.
„აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული სამართალწარმოების საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPP) სარჩელის გამოყენება კვლავ პრობლემურია. მმართველ პარტიასთან დაკავშირებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ოქტომბერს „ტვ პირველსა“ და მის ჟურნალისტს, სოფიკო ნიაურს 10 000 ლარის გადახდა დააკისრა“, — წერს მედიაკოალიცია.
დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების წინაშე არსებული საფრთხეების მაგალითად, ადმინისტრაციული უწყებების გადაწყვეტილებებთან ერთად, მოჰყავს კოალიციას მუქარის ინციდენტები. კერძოდ, „აჭარა თაიმსის“ დირექტორის, სულხან მესხიძის მიმართ მუქარა და შეურაცხმყოფელი შეტყობინებები. ჟურნალისტმა ოცნების მაღალჩინოსნების მიერ ბათუმის ახალი შემოვლითი გზის საზეიმოს გახსნის შემდეგ საზოგადოებას ამცნო, რომ გზა რეალურად არ დასრულებულა და ის ბეტონის ფილებით არის გადაკეტილი.
„ასეთი შევიწროება ასახავს “ქართული ოცნების” მიერ წახალისებულ მტრულ კლიმატს მედიის პროფესიონალების მიმართ, ხელს უშლის სიმართლის ძიებას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მედიის მიმართ. ეს მტრული გარემო არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტებს, არამედ ამცირებს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციის ხარისხს, რაც კიდევ უფრო აშორებს მოქალაქეებს დემოკრატიული პროცესისგან”, — წერს მედიაკოალიცია.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა საარჩევნო ბანერები, სადაც “ქართული ოცნება” ამომრჩეველს მშვიდობასა და ომს შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ბანერების ერთ მხარეს, ნაცრისფერ ფონზე, რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის ქალაქები, ეკლესიები, საავადმყოფოები და თეატრებია ნაჩვენები, მეორე მხარეს კი, ფერადი კადრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ შენობის ხედით. პარალელურად, მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა იმავე შინაარსის ვიდეორგოლი.
ჰიპოთეზურ საფრთხეებზე აპელირება და ამ საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გარანტად საკუთარი თავის წარმოჩენა ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. განსაკუთრებით – წინასაარჩევნო პერიოდში.
ტელეკომპანიებმა, „მთავარმა არხმა“, „ტვ-პირველმა“ და „ფორმულამ“ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მოთხოვნისა და მუქარის მიუხედავად, არ აპირებენ ეთერში გაუშვან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერები და ვიდეორგოლები. ამის საპასუხოდ, პროსახელისუფლებო ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და POSTV-მ ასევე უარი განაცხადეს ოპოზიციური პარტიების საარჩევნო რეკლამების ეთერში გაშვებაზე.