მედიის ადვოკატირების კოალიცია თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებსა და ჟურნალისტების დაკავების შემთხვევაზე შეშფოთებას გამოხატავს და მომხდარს მკაცრად გმობს.
მედიაკოალიციის განცხადების თანახმად, აღნიშნული ინციდენტები აუარესებს მედიაგარემოს და ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს.
დღეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლების პროცესის გაშუქებისას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა ონლაინ მედია მაუწყებლის ჟურნალისტს რატი რატიანს. ასევე, მაუწყებლის წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა კიდევ სამ ჟურნალისტს: ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს. ასევე, დააკავეს მთის ამბების რედაქტორი გელა მთივლიშვილი, რომელიც პოლიციის ვაკის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისა და უკანონო დაკავების შემთხვევები.
“ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში. მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და დაკავება როგორც ჟურნალისტების ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, ასევე დემოკრატიულ ინსტიტუტზე თავდასხმას წარმოადგენს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისა და უკანონო დაკავების შემთხვევები. მნიშვნელოვანია აღნიშნული ინციდენტების სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება, რასაც დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.