რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “მეტროპოლიის დრო ამოიწურა”, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, ვარდებისა და ნარინჯისფერ რევოლუციებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.
მედვედევის მტკიცებით, რუსეთის საზღვრებს ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია მიუახლოვდა და ამისი პირველი შემთხვევა, მისივე აზრით, საქართველოსა და უკრაინაში 2003-2004 წლებში მომხდარი რევოლუციები იყო.
“უნდა ვაღიარო: ნეოკოლონიალიზმი უკვე დიდი ხანია ძალიან მოუახლოვდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი რუსეთის მეზობლებზე კონტროლის დამყარება იყო. მათ შორის “ფერადი რევოლუციების” წაქეზება საქართველოსა და უკრაინაში, როცა თბილისისა და კიევის ხელისუფლებაში მოიყვანეს მარიონეტული რეჟიმები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი მ. სააკაშვილი და ამერიკელი მაღალჩინოსნის ყოფილი ქმარი, ვ. იუშჩენკო. პირველმა 2008 წლის აგვისტოში გააჩაღა აგრესია აფხაზი და სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ, შეხვდა დაუყოვნებელ და მკაცრ პასუხს რუსეთის მხრიდან. მეორეს საქმიანობა შეაჯამა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელზეც ვ. იუშჩენკომ ხმების 5%-ზე ოდნავ მეტი მიიღო, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი სახელმწიფოს მოქმედი მეთაურისთვის.” – წერს მედვედევი სტატიაში.