რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, ძველი ბაბილონისა და ინდოეთის კანონები, ისევე როგორც ძველი აღთქმა და ყურანი, რუსეთს დასავლელი ოპონენტების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს.
“პრინციპი “თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ” ისტორიული ხასიათისაა. ის უკვე მითითებული იყო ხამურაბის კანონებში, მანუს კანონებში, 12 ტაბულის კანონებში და, რა თქმა უნდა, ძველ აღთქმასა და ყურანში. ასე რომ, ბოროტებას შეიძლება, და ზოგჯერ აუცილებელიცაა, ბოროტებით გადაუხადო”. – თქვა მედვედევმა Аргументы и факты-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
თუმცა, მისი თქმით, რუსეთი “მილიონობით ადამიანის” ბედზე ფიქრობს და იცის თავისი “ისტორიული პასუხისმგებლობა” კაცობრიობის წინაშე.
“ჯერჯერობით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ, ვინც ვახერხებთ მოვლენების ყველაზე უარესი შედეგის თავიდან აცილებას. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი უფლება გავცეთ ადეკვატური, სიმეტრიული ან ასიმეტრიული პასუხი ჩვენი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის მიყენებულ პირდაპირ ზიანს. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, გათვალისწინებულია ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებში ბირთვული შეკავების სფეროში”. – თქვა მან.
მედვედევის თქმითვე, თუ რუსეთი უარს იტყვის ატომურ იარაღზე, მას შეიძლება დაემუქროს “სრული კოლაფსი”, რაც “ანგლო-საქსონურ ელიტას სურდა და სურს”.