სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათში საღებავების შემცველობის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სურსათის 61 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კვლევის შედეგად ხუთ ნიმუშში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოჩნდა:
შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებული წითელი წიწაკა (დაღერღილი, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი, ვარგისიანობის ვადა 12 თვე), აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს „ცენტრალური ბაზარი“ სენაკი, რუსთაველის ქ. N180 – დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუა; დახლზე მოვაჭრე ფიზიკურ პირთან, ელისო ჯოლოგუასთან აღებულ მისივე წარმოების აჯიკის (დამზადების თარიღი: 13/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა ერთი წელი) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: შპს ცენტრალური ბაზარი, სენაკი, რუსთაველის ქ. N180; შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებულ წითელ წიწაკაში (წმინდად დაფქული, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა ერთი წელი) აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს ლუკა, ქ. ფოთი, ფარნავაზ მეფის N1 (აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), ფიზიკური პირი მზია ზუხბაია; ინდივიდუალურ მეწარმე ზეინაბ გორაძესთან აღებული მეგრული აჯიკის (დამზადების თარიღი: 10/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა: ექვსი თვე) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა N4; ინდივიდუალურ მეწარმე ხვიჩა შავაძესთან აღებული მეგრული აჯიკის (დამზადების თარიღი: 12/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა: ერთი წელი) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: ქალაქი ქობულეთი, თავისუფლების ქ. N19, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.
კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სურსათი ბაზრიდან ამოღებასა და განადგურებას ექვემდებარება, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ აღნიშნულ ობიექტებზე აქვს შეძენილი დასახელებული სურსათი, თავი შეიკავოს მისი გამოყენებისგან.
სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავების ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია.