ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და უფლებადამცველები ეხმაურებიან დეპუტატების, ვახტანგ მეგრელიშვილისა და ბაჩო ოდიშარიას შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახველ, დისკრიმინაციულ და სექსისტურ განცხადებებს ქალი დეპუტატების მისამართით. ისინი პარლამენტის მოუწოდებენ, აამოქმედოს პარლამენტის ეთიკის კოდექსი, დადგენილი სანქციები და რეაგირება მოახდინოს “ქალთა მიმართ ძალადობასა და ღია სიძულვილზე”.
„ორი დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილისა და ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მიმართ გაჟღერებული სექსისტური, შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი მიმართვები და მათი სექსუალიზებულ და დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მტრულ გარემოს, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში არსებობს ქალების მიმართ. დეპუტატების განცხადებები ხელს უწყობს ქალთა მიმართ ძალადობის ნორმალიზებას საზოგადოების ფართო წრეებში. პარლამენტის მიერ დამტკიცებული, “საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის” თანახმად, პარლამენტის წევრმა, საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას, უნდა იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპით, პატივი უნდა სცეს და აღიაროს კაცების და ქალების თანაბარი უფლებები. ასევე, ეთიკის კოდექსის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
გარდა ამისა, უფლებადამცველების შეფასებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში პოლიტიკოს ქალთა წინააღმდეგ ძალადობამ და დისკრიმინაციამ სისტემური ხასიათი მიიღო.
„დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტი იქცეს ადგილად, სადაც ქალთა მიმართ სიძულვილი და დისკრიმინაცია კომუნიკაციის მიღებული ფორმაა. მსგავსი მიდგომა, გენდერული კვოტის გაუქმების პირობებში, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას მნიშვნელოვნად შეაფერხებს და ქალებს გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან კიდევ უფრო გარიყავს,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელმომწერები მოუწოდებენ პარტიებსაც, უზრუნველყონ ქალთა პოლიტიკური მონაწილების ზრდა შიდა კვოტით და დააყენონ იმ წევრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინც ღირსების შემლახველი ფრაზებით მოიხსენიებს კოლეგა ქალებს.
განცხადება და ხელმომწერთა ვინაობა სრულად, იხელეთ ამ ბმულზე.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბაჩო ოდიშარიამ და „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ დისკუსიისას შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიეს კოლეგა ქალები.
კონკრეტულად, ბექა ოდიშარიამ 3 აპრილს, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, მაშინ, როცა ტრიბუნასთან ანა ნაცვლიშვილი საუბრობდა, დარბაზიდან ყვირილი და მისი შეურაცხყოფა დაიწყო. მას გამოეპასუხა თეონა აქუბარდია, რა დროსაც ოდიშარიამ თქვა – „ესაა მოუტ***ნელი ქალების სინდრომი“. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და ირწმუნებოდა, რომ შეურაცხყოფა კონკრეტულად არავისთვის მიუყენებია.
რაც შეეხება „გირჩის“ ლიდერ ვახო მეგრელიშვილს, კვოტირების გაუქმების კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, სხვადასხვა ეთერში არაერთი შეურაცხმყოფელი და სექსისტური ფრაზა გაახმიანა. მან თქვა, რომ ბევრი ქალის გარემოცვაში ყოფნა მისთვის სასიამოვნო იქნებოდა, თუმცა ამისთვის კვოტირება არ არის საჭირო. გარდა ამისა, ამავე კონტექსტში ახსენა ჰარემი:
„ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით, არა? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?“
ამ განცხადებების გამო დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მეგრელიშვილისა და ოდიშარიას ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა. ამის შემდეგ, ბაჩო ოდიშარია მას დაემუქრა.