თეონა თავართქილაძე და მაკა ასათიანი თაობის გამორჩეული სახეები არიან. როგორც ცნობილია, მაკა და თეონა უკვე არაერთი წელია, მეგობრობენ. ერთმანეთთან ახლოს არიან მათი ოჯახებიც და ისინი ზაფხულს ხშირად ერთადაც ატარებენ. გთავაზობთ მაკა ასათიანისა და თეონა თავართქილაძის ძველ თუ ახალ კადრებს, რომლებიც ამტკიცებს, რომ მათი მეგობრობა ნამდვილად უძლებს დროს:
მაკა ასათიანი
მაკა წლების მანძილზე მერაბ ჟორდანიას მეუღლე გახლდათ და თბილისში ცხოვრობდა. წყვილს ქორწინებიდან ორი ვაჟი, კახი და ლევანი ჰყავს.
მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. კახის და ნანიკოს ჯვრისწერა ქაშუეთის ტაძარში შედგა, შემდეგ კი სტუმრებმა წვეულებაზე “შატო მუხრანში” გადაინაცვლეს. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა.
წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს.
“სკოლის დამთავრების შემდეგ წავედი მილანში, გამოცდები ბაკალავრიატზე ჩავაბარე ბიზნესის მიმართულებით და შემდეგ მარკეტინგში გავიარე სპეციალიზაცია. იტალიიდან თბილისში დავბრუნდი და გამოცდები GIPA-ში, ბიზნესის მაგისტრატურაზე ჩავაბარე. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია. ერთდროულად რამდენიმე კურსზე ვსწავლობდი: გავიარე ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის განხრით და შემდეგ საკუთარი პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით განვავითარე. ჩემი სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია − მიმუშავია როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. ჩემი პროფესიული ინტერესები იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ სად მიწევდა ცხოვრება და მეც ამ ახალ მიმართულებებს დიდი ინტერესით მივყვებოდი.
მე და მაკას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ზოგადად, მგონია, რომ არ არსებობს იდეალური ფორმულა, რომელიც ადამიანების კარგი ურთიერთობისთვის აუცილებელია. ვფიქრობ, ყველაზე მთავარია გულწრფელობა და სიყვარული, რომელიც ჩვენ ჭარბად გვაქვს. მე და მაკა ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ” – ამბობდა ნანიკო ჟურნალ OK! – თან ინტერვიუში.
პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ მაკა საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, თუმცა საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ერთი პერიოდი ის ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამფლობელი და დირექტორი იყო.
მაკას მეორე მეუღლე კოტე გეგელიაა. წლების მანძილზე ოჯახი ესპანეთში ცხოვრობდა, თუმცა მაკა დიდ დროს ატარებს შვეიცარიაში უფროს ვაჟთან, კახისთან ერთად, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა.
მაკას და კოტეს ერთი საერთო შვილი, კონსტანტინე ჰყავთ, რომელიც უკვე 19 წლისაა, თუმცა უფროსი ძმების მსგავსად, არც მედიაში და არც სოციალურ ქსელში გამოჩენა არ უყვარს.
თეონა თავართქილაძე
რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე უვე 29 წელია, ერთად არიან.
„ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით.
რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, – ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.
კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა:
“მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის”, – იხსენებდა თეონა.
რეზის და თეონას ორი ვაჟი, ნიკა და ვატო ჰყავთ, რომლებიც უკვე დიდები არიან და დამოუკიდებელი ცხოვრება აქვთ:
“ბედნიერება სიყვარულია. სიყვარულში ვგულისხმობ ყველანაირ სიყვარულს, შვილების მიმართ უპირობო სიყვარულიდან დაწყებული, ქალისა და მამაკაცის სიყვარულით დამთავრებული. როცა გრძნობ, რომ გიყვარს, ამ დროს ხარ ყველაზე ბედნიერი.
შვილები უკვე გაიზარდნენ და დამოუკიდებლად ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ერთი ფეხბურთს თამაშობს პოლონეთის უმაღლეს ლიგაში. მეორეც მუშაობს. ადრე ძალიან ხშირად ვიყავი მათთან, მაგრამ ახლა იმდენად ვერ ვახერხებ ხოლმე შვილებთან ჩასვლას, რომ უკვე თვითონ მეკითხებიან, როდის ჩავალ.
ძალიან მინდოდა, ქალიშვილი მყოლოდა… ისე გამოვიდა, რომ არც მე მყავს გოგონა და ჩემ გარშემოც ყველას ბიჭები ჰყავთ. ამიტომ ამას უნდა დავარქვათ აუხდენელი ოცნება”, – ამბობდა თეონა.
თუ გოგო შვილი თეონასთვის აუხდენელ ოცნებად დარჩა, ეს დანაკლისი სულ ცოტა ხნის წინ შვილიშვილმა, პატარა სოფიამ შეუვსო. არველაძეების ოჯახის პირველი შვილიშვილის დაბადება, შეიძლება ითქვას, მთელმა საქართველომ ერთად იზეიმა.