“მეგობრობა და ჟურნალისტიკა – მე თუ დამიჭირეს ჩემს სოლიდარობის აქციაზე ნურავინ მოვა, ვინც მეორე დღეს ჩემს დაჭერაში მონაწილე პროპაგანდისტებს მოესიყვარულება”– ნინია კაკაბაძე
ერთი-ორ ზოგად მოსაზრებას მეც მოგახსენებთ მეგობრობასა და ჟურნალისტიკაზე. მეგობრობაც, დედაშვილობაც, ბიძაშვილობაც და ნებისმიერი ნებაყოფლობითი ურთიერთობა დგას სიყვარულზე და თანამოაზრეობაზე. კი, მე შეიძლება ვერ შევიძულო ჩემი მეგობარი თუ ნათესავი, რომელსაც დღეს ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ღირებულებები აქვს, მაგრამ ვერც ურთიერთობა მექნება მასთან, ისე რომ თითქოს არაფერი ხდება. აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ გემოვნებაზე, ღირებულებებზე ვსაუბრობ და ეს რეალობა ბოლო რამდენიმე თვეა დგას, რაც გვყავს ამდენი ნაწამები, ნაცემი ადამიანი და ამდენი უდანაშაულო სინდისის პატიმარი. მე, ინგა და დიანა (ცხადია ბევრ ჩვენს თანამებრძოლთან ერთად) მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციებზე ერთად ვდგავართ. როგორ ხდება, რომ დღეს გულთბილად მოვიკითხავთ მათ, ვინც მზიას პატიმრობას არა თუ არ აპროტესტებს, ხელს უწყობს?! როგორც ჩანს, ჩვენ მაინც ბოლომდე არ ვაფასებთ მედიის მნიშვნელობას და არ ვიჯერებთ რომ ნებისმიერი დიქტატურა თუ ავტოკრატია დგას მედია პროპაგანდაზე. ნინო შუბლაძეც, ნათია ლაზაშვილიც, თამთა სანიკიძეც და მათი კოლეგები დღეს ამ რეჟიმს ეხმარებიან და აძლიერებენ. რა თქმა უნდა ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად. მაგრამ ყველა მათგანის დახმარებით ზის მზია ამაღლობელი ციხეში, მათი დახმარებით ზის ანდრო ჭიჭინაძეც და ის ვარსკვლავივით პატარა ბიჭებიც. მათი დახმარებით კარგავენ ადამიანები სამსახურებს, ისინი გველაპარაკებიან დღეს ორმხრივ ძალადობაზე, ისინი აპრავებენ დეკემბერში ადამიანების ცემას და წამებას. როგორ? ისე რომ კრიტიკულ კითხვებს არ სვამენ, სოლიდარობას არ გამოხატავენ, ინფორმაციას მალავენ, ტყუილებს ავრცელებენ და ა.შ. აბა, გაიხსენეთ როგორ გადმოგცემდნენ იმ დღეებში ამ ამბებს?! გასაგებია და მესმის, რომ ადამიანებს ვინც ადრე ჩვენი მეგობრები იყვნენ, თუ უბრალოდ თანამშრომლები, ვერ შევიძულებთ, მაგრამ ვერ ვიგებ ეს “მიუხედავად ყველაფრისა მაინც ძალიან მიყვარხარ” – რა ფენომენია?! ბაია პატარაიას, რომელმაც ეს თემა წამოწია და ნანუკა ჟორჟოლიანს, როგორც დაყადაღებული ფონდების წარმომადგენლებს, მათი წინააღდეგ ახლა ისეთი მუხლით მიმდინარეობს საქმის წარმოება, რომელიც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მათი დაპატიმრება რომ სრულიად რეალისტური პერსპექტივაა იმედია ვიცით. ხოდა ამ გადაწყვეტილებებს პროპაგანდა კარგად შეფუთავს, ბევრ ტყუილს იტყვის და ამას, ამ ჩვენს კოლეგა მეგობრებს ათქმევინებს. მოკლედ, მაპატიეთ, მაგრამ მე თუ დამიჭირეს ჩემს სოლიდარობის აქციაზე ნურავინ მოვა, ნურც მხარს დამიჭერს, ვინც მეორე დღეს ჩემს დაჭერაში მონაწილე პროპაგანდისტებს მოესიყვარულება. ტყუილია, მსხვერპლი და მოძალადე, ორივე ვერ გვეყვარება! ინგაც მიყვარს და დიანაც, მაგრამ მოძალადე რეჟიმის პროპაგანდისტებს პასუხისმგებლობას რაც მეტად ვაგრძობინებთ, უკეთესი იქნება.
