ორი რუსი აქტივისტის, ვლადიმირ დუბოვსკისა და მისი შეყვარებულის, ალინა საველიევას მეგობრები დახმარებას ითხოვენ, გაუჩინარებული მეგობრების მოსაძებნად. მათი სიტყვებით, „მწვანე სოლი – ჩემი სამშობლოს“ ლიდერები 26 ნოემბერს თბილისში „გაიტაცეს“.
„გუშინ საღამოს თბილისში უცნობმა პირებმა გაიტაცეს და მანქანით წაიყვანეს ჩვენი მოძრაობის თანადამფუძნებელი ვლადიმერ დუბოვსკი და მისი შეყვარებული ალინა საველიევა. მათი ადგილსამყოფელი უცნობია“, – მეგობრების ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება ავრცელებს.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს – თუკი უწყება რაიმე განმარტებას გააკეთებს, ტექსტი განახლდება.
ვლადიმირ დუბოვსკი იყო ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორი ვლადივოსტოკში და ასევე რუსეთის ლიბერტარიანული პარტიის წევრი. ის 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. 2024 წელს რუსეთის ხელისუფლებამ დუბოვსკი ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა.
გასულ წლებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუბოვსკის თაღლითობასა და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ. ის ბრალდებებს უარყოფდა.




