ბანერი იყო დაზიანებული, ჰქონდა შესაბამისი წარწერა გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ წარწერა ბანერის გარკვეულ ნაწილზე იყო, ბანერი სრულად დაზიანდა – წარმოდგენილი სასაქონლო და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ ბანერი არის დაზიანებული და მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია, – ამის შესახებ პროკურორმა ნინო ჟვანიამ ჟურნალისტებს, თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურა აპირებს, რომ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, ბანერის დაზიანებაში ბრალდებული 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარის ოდენობით გირაო მოითხოვოს.
„დაკავებულს წარედგინა ბრალდება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე. ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე, მის სრულ გადახდამდე პატიმრობის უზრუნველყოფით. რადგანაც ბანერის დაზიანება წარმოადგენს დანაშაულს და დაზიანებული ნივთის ღირებულება აღემატება 150 ლარს, აქედან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. დაზიანებულია ორი ბანერი. თითოეული ბანერის ღირებულება არის 190 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, ბანერი დაზიანებულია ისე, რომ ბანერის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არის შეუძლებელი. ბანერი ნივთმტკიცების სახით ჩამოხსნილია და ამოღებულია. გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე. სასაქონლო ექსპერტიზამ დაადგინა დაზიანებული ბანერის ღირებულება, რაც ორი ბანერის შემთხვევაში არის 380 ლარი“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.
მისი თქმით, პროკურატურა მიიჩნევს, რომ 2 000 ლარის ოდენობის გირაო უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას და იმ ფაქტს, რომ ბრალდებულმა განაჩენის დადგომამდე არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, არ მიიმალოს და არ მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა, მათ შორის არის მეგი (ირმა) დიასამიძე. შსს-ს განმარტებით, მეგი დიასამიძემ მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.
