მეგი დიასამიძემ, რომელსაც კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, სასამართლო პროცესზე მისი დაკავების გარემოებებზე ისაუბრა

ვითხოვდი ადვოკატთან დარეკვას, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ. მოვიდა პოლიციის ფორმაში ჩაცმული ორი ქალი და მითხრა: „რომ არ მოიწყინო, იმიტომ მოგიყვანეთო“. სამართალდამცველებმა მკითხეს, აქციაზე დავდიოდი თუ არა, – ამის შესახებ 23 წლის სტუდენტმა მეგი დიასამიძემ, რომელსაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც მეგი დიასამიძემ სხდომაზე განმარტა, სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც გურიაში მიკროავტობუსით მიდიოდა.
„პოლიციელი მძღოლს ელაპარაკებოდა და მე მიცინოდა. შემოტრიალდა და ჩემი სახელი დაიყვირა, ჩამოდი მანქანიდანო. როცა მძღოლს ელაპარაკებოდა, მე მიყურებდა, როგორ ვიჯექი, ხელში ტელეფონი მეჭირა თუ არა.
ვითხოვდი ადვოკატთან დარეკავს, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ. მოვიდა პოლიციის ფორმაში ჩაცმული ორი ქალი და მითხრა: „რომ არ მოიწყინო, იმიტომ მოგიყვანეთო“. მკითხეს, აქციაზე დავდიოდი თუ არა და ა.შ . 2 საათის განმავლობაში ისეთ ადგილას ვიყავით, სადაც მხოლოდ მანქანის შუქი ჩანდა. არ მიხსნიდნენ, რატომ ვიყავი დაკავებული“, – განაცხადა მეგი დიასამიძემ.
რაც შეეხება კახა კალაძის ბანერის დაზიანებას, რასაც მას პროკურატურა ედავება, ამ ნაწილზე დიასამიძეს არ უსაუბრია.
ამასთან, მისივე თქმით, ბორკილები, რომელიც ხელზე დაადეს, ხელს სტკენდა და ითხოვდა მის მოხსნას. ბრალდებულის თქმით, მას ბორკილები არა დაკავებისას, არამედ მანქანაში ჩასხდომის დროს დაადეს.
„როდესაც ყველაფერი დაასრულეს, წამოვედით თბილისში. დამადეს ბორკილები, [ხელები უკან მქონდა] ბორკილები ზეწოლას ახდენდა ხელზე. ბევრჯერ ვთხოვე, რომ მოეშვათ. ერთ-ერთ პოლიციელს ისიც ავუხსენი, რომ ჰიპერაქტიური ვარ და შეიძლება ვერ მომესვენა ერთ ადგილას. მან მითხრა, რომ არ ამოძრაო ხელები და არ მოგიჭერსო“, – განაცხადა მეგი დიასამიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი, არასაპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, დიასამიძე დარბაზიდან გათავისუფლდა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურა საპატიმრო გირაოს გამოყენებას – ბრალდებულის მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლებას ითხოვდა.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა, მათ შორის არის მეგი (ირმა) დიასამიძე. -ს განმარტებით, მეგი დიასამიძემ მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.