რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავზე გორში, გორის ციხიდან საპროტესტო ბანერი გადმოფინეს, რომელზეც ეწერა: „მებრძოლი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!“ პერფორმანსი სამოქალაქო მოძრაობა „ერთობას“ ეკუთვნის.
სამოქალაქო აქტივისტები შიდა ქართლში ჯერ შინდისში ჩავიდნენ და აგვისტოს ომის დროს დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მემორიალს ცოცხალი ჯაჭვი ყვავულებითა და საქართველოს დროშებით შემოარტყეს. შემდეგ უკვე გორის ცენტრში, საკრებულოსთან გადაინაცვლეს.
მათ გააკრეს სტიკერები, რომლებზეც ეწერა: „დიდება გმირებს“, „ომი დაიწყო რუსეთმა“. აქტივისტებმა ბანერებზე დააწერეს აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელებიც.
დღეს, 7 აგვისტოს 17 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან.
ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის – სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20% – აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.
„ქართული ოცნების” ხელისუფლება ომის დაწყების დღედ 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევს. ის ომის დაწყებაში „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგამოძიებო კომისიაც შექმნა.
აგვისტოს ომის კონტექსტში ბოდიშის მოხდის საკითხი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე, 14 სექტემბერს გორში ისაუბრა პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა. მან იმ დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა წინამორბედი ხელისუფლება 2008 წლის „ომის გაჩაღებაში“, მის ლიდერებს გასამართლებით დაემუქრა და ბოდიშის მოხდის პირობა დადო:
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
მაშინ გორში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები. მათ ამ განცხადების გამო ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტია და მისი ლიდერი გააკრიტიკეს.
ფორუმი
