მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“, „სარფი“, „თბილისის აეროპორტი“ და „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 4 ფაქტი აღკვეთეს.
ინფორმაციის თანახმად, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში – 100 500 დოლარი, 12 670 000 რუსული რუბლი, 598 800 თურქული ლირა და 700 000 სომხური დრამი გამოავლინეს.
„არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 706 616,89 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით, ჯამში – 70 661,932 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ