მეარაყიშვილს ცხინვალში აქცია არ ჩაატარებინეს და არც დოკუმენტები არ დაუბრუნეს

ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს, ცხინვალის ცენტრში პიკეტის გამართვის საშუალება არ მისცეს და არ უშვებდნენ ცხინვალის „პროკურატურის“ შენობიდან. მეარაყიშვილმა დე ფაქტო უწყების შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა ისე, რომ მისთვის კვლავ არ დაუბრუნებიათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის მიერ 2017 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო დაიხურა, თუმცა მას საბუთებს არ უბრუნებენ.
მანამდე თამარ მეარაყიშვილმა მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს [უწყებაში] ნივთმტკიცებების დაუსაბუთებლად შენახვის ფაქტზე“. გარდა ამისა, მას შესთავაზეს შეხვედრა დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელთან, გრიგორი სობაევთან. აქტივისტი შეხვედრას დასთანხმდა ადვოკატის თანდასწრებით და პროტესტის გამოხატვის შემდეგ.
დღეს, 17 ნოემბერს, მეარაყიშვილი ცხინვალისკენ მიემართებოდა, რა დროსაც ტაქსი, რომლითაც მგზავრობდა, ქალაქის შესასვლელთან გააჩერეს და „პროკურატურაში“ გადაიყვანეს.
სააგენტო „რესმა“ გაავრცელა დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის დიანა ცხოვრებოვას კომენტარი. მისი თქმით, „მოქალაქე თამარა მეარაყიშვილის არაკეთილსინდისიერი საქციელი მიზნად ისახავს საზოგადოების თვალში, პროკურატურის და ხელისუფლების ორგანოების დისკრედიტაციას“ .
დე ფაქტო უწყება მეარაყიშვილს შეახსენებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე „შეწყდა გამამართლებელი საფუძვლით – დანაშაულის არარსებობის გამო“.
„ამავდროულად, გამომძიებლებს დაევალათ დაებრუნებინათ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულება – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი, რის შესახებაც ამ უკანასკნელს სათანადოდ ეცნობა. ერთ წელზე მეტია მოქალაქე თამარა მეარაყიშვილს არ მიუმართავს პროკურატურისთვის, თუმცა მისთვის ცნობილი იყო პროკურატურაში გამოცხადების აუცილებლობის შესახებ მითითებული დოკუმენტების მისაღებად“, – აღნიშნა დიანა ცხოვრებოვამ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია არასანქცირებული საჯარო სამოქალაქო აქცია „სამხრეთ ოსეთის მთავრობის ორგანოების დისკრედიტაციის მიზნით“.
სექტემბერში მეარაყიშვილი ერთკაციანი აქციის გამართვას ცდილობდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „ მთავრობის სახლის“ წინ. პროტესტის დაწყებიდან მალევე პოლიციამ მას წაართვა პლაკატი წარწერით „შეაჩერე კორუფცია“.

ასევე დაგაინტერესებთ