მდინარეები საშიში ქაოტურმა ურბანულმა დაგეგმარებამ გახადა. არ ხდება ტერასირება, კორპუსები ნაპირებში არის შეჭრილი – ნინო ჩხობაძე
„შემთხვევიდან შემთხვევამდე ვცხოვრობთ“- დედაქალაქის მასშტაბით არსებული საფრთხის შემცველი მდინარეების შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძე ესაუბრა.
მისი თქმით, დედაქალაქში არსებული მდინარეების უმეტესობა სათავეს მთებიდან იღებს, ამიტომ ისინი საშიშია.
„მდინარეები გლდანულა, ვერე, კრწანისის ხევი, ლეღვთახევი – ესენი ყველა მთის მდინარეებია. მათ წვიმით შეუძლიათ გამოიწვიონ წყალდიდობები, ამიტომ ყველა მათგანი არის საფრთხის მატარებელი“, – განაცხადა ჩხობაძემ.
მისი თქმით, ამ მდინარეების საფრთხეს ბუნებრივი მიზეზების გარდა, ქაოტური მშენებლობებიც ზრდის.
„გარდა ბუნებრივი მიზეზებისა, მდინარეები საშიში ქაოტურმა ურბანულმა დაგეგმარებამაც გახადა. არ ხდება ტერასირება, კორპუსები ნაპირებში არის შეჭრილი და ადიდების შემთხვევებში შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც ვერეს ხეობაში მოხდა. ამიტომ, ყველა ეს მდინარე მოითხოვს მუდმივ დაკვირვებას, რომ არ მოხდეს დაგუბება, როგორც მოხდა გლდანულაზე, ლეხთახევზე, ვერაზე. რადგან ეს მთის მდინარეებია, თავისთავად, ისინი ქმნიან საფრთხეს“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, გარდა სწორი განაშენიანების კონტროლისა, ეს მდინარეები მუდმივად უნდა იწმინდებოდეს. თუმცა, ნინო ჩხობაძის თქმით, თბილისში არსებული საშიში მდინარეების გაწმენდა არ ხდება.
„ჩვენ შემთხვევიდან შემთხვევამდე ვცხოვრობთ. კარგი იქნებოდა, რომ მეტეოროლოგიური დაკვირვება ჰქონდეს ამ მდინარეებს. თბილისის ისტორიაში რამდენიმე დიდი წყალდიდობაა დაფიქსირებული, მათ შორის: ლეღვთახევის მსხვერპლით, კრწანისის ხევის მსხვერპლით, გლდანულასი მსხვერპლით, ვერეს ხეობა მსხვერპლით, ასე რომ, არაერთხელ მომხდარა ამ მდინარეების ადიდება ძალიან დიდი ნალექის მოსვლის დროს, პრევენციით კი ნაკლები დანაკარგი გვექნებოდა“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
ცნობისთვის, თბილისში არსებული მდინარეებია: ასურეთისხევი, გლდანისხევი, დიღმისწყალი, ვერე, კრწანისისხევი, ლოჭინი, ორხევი, წავკისისწყალი, ხევძმარი.
უკანასკნელი ტრაგედია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით მდინარის ადიდებას მოჰყვა, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. მაშინ მდინარე ვერეს 21 ადამიანი შეეწირა, 2 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
www.bpn.ge
