საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აინტერესებს და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერია, “საკონსტიტუციო უმრავლესობის გარანტირებაა”.
„აბსოლუტურად შემიძლია გამოვრიცხო, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს პრეზიდენტი ან ა.შ. რა თანამდებობა, რაში აინტერესებს საერთოდ?“, — უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ივანიშვილს სამშობლო აინტერესებს.
მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერია, ამ არჩევნების მნიშვნელობაა.
„საერთოდ რომ ქუდი დავიხუროთ და ახლა სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოვიპოვებთ დღეს… პირდაპირ გეუბნებით, შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის. მაგრამ ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს. აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა. პოლიტიკურ ველზე ვიღაც პატარა პარტიებს კი არ ვეჭიდავებით, არამედ მათ პატრონებთან გვაქვს საქმე. მათი პატრონები ყოველდღიურად რაღაც-რაღაცებს გარედან უზრუნველყოფენ და მათი განცხადებები და მოქმედებები იქცა ხავსად წყალწაღებულებისთვის. შანსი არ აქვთ. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა, როგორც ბევრი რამე ამ ქვეყნისთვის პოზიტიურად გადაწყვიტა, ასევე, გვინდა, გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი”, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პირველად იქნება პარტიის საპარლამენტო სიაში.
აქამდე „ოცნებამ“ სამ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ პარტიის დამფუძნებელი საპარლამენტო სიაში წარმოდგენილი არც ერთხელ არ ყოფილა.
ივანიშვილმა „ოცნება“ 2011 წელს დააფუძნა და ორჯერ წავიდა პოლიტიკიდან.
პირველად პოლიტიკის დატოვების შესახებ 2013 წელს განაცხადა, როცა პრემიერის პოსტი დატოვა, თუმცა 2018-ში პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნდა.
2021 წელს მორიგ ჯერზე განაცხადა პოლიტიკიდან წასვლაზე, მაგრამ 2023 წლის ბოლოს კვლავ დაბრუნდა და „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გახდა.