მდინარაძის განმარტება: პროკურორი და მოსამართლე დაგიდგენთ, რა იქნება შეურაცხყოფა

მამუკა მდინარაძე “გოიმურს” უწოდებს კითხვას, როგორ განისაზღვრება გამკაცრებული კანონით პოლიტიკოსის და საჯარო მოხელის შეურაცხყოფა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და იქნება თუ არა მათ შორის წყევლა.

“არა. TV პირველი გადაიქცა ყვითელი მასმედიის პიონერ საშუალებად, თქვენ ისეთი კითხვა დასვით ახლა, ანეგდოტები არის ხოლმე ამაზე – პოლიციელმა რომ ადამიანი გააჩერა, შეაგინა, დააჯარიმა და შემდეგ დაწყევლა და რაღაც ასეთი გოიმური, სამწუხაროდ, თქვენ პერსონალურად არაფერს გერჩით და ამ მიმართულებით მაინცდამაინც არაფერი შემიმჩნევია პერსონალურად თქვენთვის, მაგრამ გიწევთ გოიმური და არასერიოზული კითხვის დასმა.

შეურაცხყოფა წყევლა იქნება თუ არა, ეს ტელევიზიამ კითხვის სახით არ უნდა დასვას. პრაქტიკა განსაზღვრავს ამ შემთხვევაში” – ამბობს მდინარაძე და იქვე აღნიშნავს, რომ წყევლა არ დაისჯება.

“თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ხასიათის ეს… დადგეთ და იწყევლოთ” – თქვა მან.

ივანიშვილის წარმომადგენელი ამბობს, რომ დეტალიზაცია არ ხდება და “ამას ადგენს პრაქტიკა სამართლიანობის პრინციპით”.

“პროკურორი და მოსამართლე დაგიდგენთ, რა იქნება შეურაცხყოფა, რადგან სამართლებრივი დეტალიზება არცერთ ქვეყანას არ აქვს, რომ შეფასების კრიტერიუმები იწერებოდეს კანონმდებლობაში, არსებობს დადგენილი ნორმა და მისი ინტერპრეტირების ორგანოები, ეს არის სამართლის პრინციპი…

ოცნების დეპუტატზე არ არის მხოლოდ საუბარი, ნუ სპეკულირებთ საჯარო მოხელეზე, დამლაგებელი რომ დამლაგებელია, შეეხება მასაც და ვერც დამლაგებელს მიაყენებთ მძიმე შეურაცხყოფას და ვერც დააბულინგებთ” – ამბობს მდინარაძე.

კითხვაზე, ჩაითვლება თუ არა შეურაცხყოფად ყაველაშვილის გინება, “ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე”, მდინარაძე პასუხობს – “არ ვიცი, ამას გადაწყვეტს სასამართლო”.

სამი შემთხვევა მქონდა, როცა დაგეგმილი პროვოკაცია მომიწყვეს პირადად მე, ერთი სუბიექტი, შემდეგ ობიექტი აღმოჩნდა, იყო ქალბატონი, რომელიც ჩემი მეზობელია და რაც იკადრა, ნახეთ, ორ შემთხვევაში ისეთი პასუხი მიიღეს, რომ არც გაავრცელეს, სამწუხაროდ, მე არ მქონდა გადაღების საშუალება.

ანუ თქვენ თუ პოლემიკასთან დაკავშირებით გინდათ ინტერპრეტირება, პოლემიკა არ შეიძლება იყოს ობიექტად თქვენი კითხვის, მაგრამ შეურაცხყოფას, მე დღეს არ განვსაზღვრავ, ასეთ ყვითელპრესულ კითხვებზე მე აღარ ვაპირებ… მშვენივრად ნახავთ და ზუსტად იცით…

მე არ ჩავთვლი შეურაცხყოფად, რადგან რუსულ საქმეს თქვენ აკეთებთ მთელი ცხოვრება და თქვენს თავს თუ აგინებთ, აგინეთ თქვენს თავს, ინტერპრეტირების კომპეტენცია აქვს იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია ბრალზე – პროკურორს ამის დისკრეციული უფლებამოსილება აქვს ხშირ შემთხვევაში, რომ შეაფასოს, მერე სასამართლოა მისი კონტროლი…

შეურაცხყოფა ეს იქნება თუ არა, ის იქნება თუ არა, ცეცხლი ოლიგარქიას და ნავთი მის აგენტურას იქნება თუ არა ეს წყელვა-კრულვა, რასაც ყვითელი პრესა მეკითხება, ამაზე მე კონკრეტული სერიოზული პასუხი არ შეიძლება მქონდეს, რადგან ეს არის პროკურორის შესაფასებელი. ეს კონკრეტული, ჩემი შეფასებით, როგორც იურისტის, არ იქნება შეურაცხყოფა” – ამბობს მდინარაძე.

კითხვაზე, იქნება თუ არა შეურაცხყოფა, თუ მოქალაქე სოციალურ ქსელში უარყოფითად შეაფასებს მის საქმიანობას, ივანიშვილის წარმომადგენელი პასუხობს – “არა, არ არის შეურაცხყოფა, ვერ იქნება შეურაცხყოფა, ბოდიშს გიხდით, მაგრამ სისულელეს ლაპარაკობთ, შეფასება ვერ იქნება შეურაცხყოფა, ეს არის მავნებლობა, რომელსაც ავრცელებთ”.

დამატებით კითხვაზე, “თუ შეურაცხყოფას დაწერს მოქალაქე სოციალურ ქსელში ან ტელევიზიის ეთერით, არა თქვენთან უშუალო კომუნიკაციით, ეს ჩაითვლება შეურაცხყოფად?”, მდინარაძე ამბობს, რომ “შეურაცხყოფის ხარისხს გააჩნია”.

|ამის უფლება გინდათ? სუნთქვის უფლებას ამას ეძახით? ანუ სუნთქვის უფლებას მაგას ეძახით, რომ ადამიანს საჭმელში უნდა უფურთხოთ, დედა აუნდა აგინოთ, თავში უნდა ურტყათ?…

მათ შორის შესაძლებელია გავრცელდეს შეურაცხყოფის ხარისხიდან გამომდინარე, ამიტომ არის ინტერპრეტირების საგანი, ხარისხიდან გამომდინარე ადამიანს შეიძლება იმხელა მორალური ზიანი მიაყენი პირადად საჯაროდ ტელეეთერით, მას, მის ოჯახს, რომ ეს შესაძლებელია, თეორიულად, დაკვალიფიცირდეს, მაგრამ თუ ეს არის, რაც შეფასებას მოიცავს, თუნდაც ბინძურს, ბინძური შეფასება არ შეიძლება იყოს სამართლებრივი შეფასების საფუძველი დანაშაულად ან ადმინისტრაციულ გადაცდომად, ზღვარი გაავლეთ ახლა?” – მიმართა მდინარაძემ მედიას.

ივანიშვილის რეჟიმი კანონმდებლობას ამკაცრებს და ახალ რეპრესიულ პოლიტიკას აცხადებს. 3 თებერვალს, ოცნების უმრავლესობის სხდომის შემდეგ მ თქვა, რომ იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე, ასევე, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განცხადებით, “ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით” სისხლის სამართლის კოდექსშიც შედის ცვლილებები.

“მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები:

1. მესაკუთრის წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება, წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობის და შეურაცხყოფისთვის, სასამართლო შესასვლელის ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა სამოც დღემდე.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება

სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ.

კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისთვის საჯარო მოწოდება, აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებებით, ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით, ეს არის უკვე სასჯელი და არა სახდელი. იზრდება სისხლისამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში – 5 წლიდან 6 წლამდე.

ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობისთვის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში და ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე იქნება შედარებით მკაცრი სანქცია, როგორც დამამძიმებელ გარემოებაზე.

სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც, ახალი ნორმა იქნება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც, ასევე ჩვენ არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება, მათ შორის გამკაცრების მიმართულებით” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვრცლად