საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ევროპის მოედანზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, „20 ათასამდე ადამიანიც ვერ იქნება“.
ამის შესახებ მდინარაძემ მთავრობის პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ ეთერში განაცხადა, სადაც წამყვანი მიანიშნებდა, თითქოს აქციაზე ხალხის რაოდნობა არ არის დიდი.
მამუკა მდინარაძემ სატელეფონო ჩართვისას თავისი მოსაზრების ასახსნელად გამოიყენა აქციებზე ადამიანთა რაოდენობის დათვლის კლასიკური მეთოდი, თუმცა ფაქტები მანიპულაციურად აღწერა.
„როგორ არის, ნახეთ. უბრალოდ ავხსნათ-ხოლმე. ბევრმა იცის, მაგრამ მაინც ავხსნი. ძალიან დიდი ჭყლეტვა როცა არის, აი, ჭყლეტვა როა რასაც ჰქვია, ერთ კვადრატულ მეტრზე ოთხი ადამიანი ეტევა. ახლა მანდ ჭყლეტვა რომ იყოს და 100 ათასი ადამიანი იყოს, მინიმუმ 25 ათას კვადრატულ მეტრზე უნდა იდგნენ ადამიანები. ახლა რასაც ვუყურებ, მაქსიმუმ 5-6-7 ათასი კვადრატული მეტრი ჰქონდეთ ათვისებული, საშუალო სიმჭვიდროვის შემთხვევაში აი, რომ მოგინდეს და გაბერო ადამიანების რაოდენობა, 20 ათასამდე ადიხარ. მაგრამ რასაც ვუყურებ, ამხელა სიმჭიდროვეც არ არის, რომ ექვსი სამზე გაამრავლო, დავუშვათ, ხო, არათუ ჭყლეტვა. დაახლოებით 12-14-17 [ათასი ადამიანი], ამას ზუსტად ვერ დათვლი, ეს კიდევ შეიძლება, საბოლოო ფოტო რომ იქნება, შეიძლება დათვალო, მაგრამ 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება იმ სიმჭიდროვისა და ტერიტორიის გათვალისწინებით, რაც მანდ არის,“ — თქვა მდინარაძემ.
რუსული კანონის გასაპროტესტებლად, ასევე ბოლო პერიოდში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მასობრივი დაჭერების, დაშინების, მუქარისა და ჩასაფრებულად თავდასხმის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად, თბილისში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა სხვადასხვა უბანში და მსვლელობით დაიძრა ევროპის მოედნისკენ. აქციას შეურთნენ მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდანაც.
„ქართული ოცნების“ წევრთა და მათი კონტროლის ქვეშ მყოფი მედიის მიერ გავრცელებული მოსაზრებების პარალელურად, ნეტგაზეთი გთავაზობთ თბილისში ანტირუსული აქციის მასშტაბების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას.
მთავარ ფოტოზე: აქცია ევროპის მოედანზე. ფოტო: Ezz Gaber