საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით უკვე მიღებულია და მდინარაძის ვარაუდით პრემიერმინისტრი მის ვინაობას, ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს.
“გადაწყვეტილება, არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე, არამედ თუ არ ვცდები, ორ ასევე მაღალ პოზიციაზე მიღებულია და ამის შესახებ თავადვე განაცხადებს პრემიერმინისტრი, ალბათ, ჩემი ვარაუდით იქნება მთავრობის სხდომაზე”. – თქვა მან.
მდინარაძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით გუნდის ლიდერებთან იყო ინტენსიური კონსულტაციები და განიხილებოდა 3-4 კანდიდატურა.
“საბოლოო ჯამში, ბევრ ადამიანთან გაიარა მან კონსულტაცია, პარტიულადაც, ჩვენთანაც – პარლამენტის წარმომადგენლებთან და საბოლოო გადაწყვეტილება, რამდენიმე ძალიან ღირსეულ ადამიანს შორის ამოარჩია, მიიღო გადაწყვეტილება და ჩემი ვარაუდით, ამის გახმოვანებას მოახდენს ორშაბათს”. – თქვა მამუკა მდინარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1 მარტს დატოვა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მათ ახალი მინისტრი რამდენიმე დღეში უნდა წარედგინათ.