„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, მიუსაფარი ცხოველების სიმრავლის გამო, შეიქმნება სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც პატრონი ვალდებული იქნება, საკუთარი ცხოველი “დაჩიპოს”.
ეს გულისხმობს იმას, რომ ქუჩაში აღმოჩენილი ცხოველის პატრონის პოვნა შესაძლებელი უნდა იყოს.
როგორც მდინარაძემ “ოცნების”ოფისში ბრიფინგზე აღნიშნა, ცხოველის მიტოვება ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯება.
“საქართველოს მასშტაბით, უპატრონო ძაღლების რაოდენობა 300 000 – 350 000 შორის მერყეობს. ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას – ამ ცხოველების შესაბამის ბაზებში შეყვანას და პროცედურების აღსრულებას, რომელიც მათ გამრავლებას ხელს შეუშლის.
ავამუშავებთ ელექტრონულ პროგრამას და მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გამარტივდება ძაღლის პატრონის პოვნა.
პანდემიის დროს ეს პრობლემა უფრო გამწვავდა, რადგან ბევრი ადამიანი თავის შინაურ ცხოველს სხვადასხვა ადგილას ტოვებდა. ვცდილობთ შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის შედეგადაც, ცხოველის გარეთ დატოვება ასეთი მარტივი არ იქნება. ყველა ადამიანი ვალდებული იქნება, თავის ცხოველთან მიმართებით მიკვლევადობა უზრუნველყოს. ეს არის ე.წ. დაჩიპვა, გარეთ აღმოჩენილი ცხოველის იდენტიფიცირება უნდა იყოს შესაძლებელი. ასე უპატრონოდ ძაღლის მიგდება იქნება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი”, – თქვა მდინარაძემ.
