საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, უკრაინის მხრიდან საქართველოსთვის ტექნიკის მოთხოვნა “სხვა მიზნების ეჭვს აჩენს”.
საუბარია ომის შედეგად დანგრეული შენობების გაწმენდაზე. ამისთვის უკრაინას საინჟინრო ტექნიკა სჭირდება და ყველა პარტნიორ ქვეყანას მიმართავს.
“იმედს გამოვთქვამ, რომ ეს არის ახალი რაღაც ნეგატიური, სპეკულაციური კამპანიის დაწყების საფუძველი და სხვა მიზნები არ გააჩნია.
როცა მთელი ცივილიზებული სამყარო [უკრაინას გვერდით] უდგას, მათ შორის ისეთი ქვეყნები, როგორიც არის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები და ეხმარებიან სხვადასხვა ტექნიკით, საქართველოსთვის ტექნიკის მოთხოვნა რაღაც სხვა მიზნების ეჭვს აჩენს, რომ რაღაც კამპანიის დასაწყისი არ იყოს”, – ამბობს მდინარაძე.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ალექსანდრ შულგა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას მიმართეს, საინჟინრო ტექნიკა გადასცენ. როგორც შულგა აღნიშნავს, დახმარება არასდროსაა საკმარისი.