ქართული ოცნების წარმომადგენლის, არალეგიტიმური პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს “სამშობლოს ღალატის მუხლი დაემატება”. ამის შესახებ მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ასევე, მდინარაძის თქმით, მიმდინარე კვირაში “FARA-ს ამერიკული კანონი და მედიის შესახებ კანონი დაინიცირდება”.
“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან და რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს ან არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში.
მიმდინარე კვირაში დაინიცირდება FARA-ს ამერიკული კანონი, რომლის შესახებაც მივიღებთ გადაწყვეტილებას. ასევე მედიის შესახებ კანონი, რომელიც ფეიქ ნიუსებს შეეხება და იქნება ბრიტანული პრინციპების გათვალისწინებით მიღებული კანონი”, – თქვა მდინარაძემ.
მდინარაძის ცნობით, იმ კანონპროექტების პირველადი ვერსიები დარეგისტრირდება, რომლებიც საჯარო სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხება.
მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პროექტების საბოლოო მიღებამდე, მინიმუმ თვენახევარი დარჩა და აღნიშნულ ვადებში ეს დეტალები დამუშავდება.
“ასევე, დარეგისტრირდება იმ კანონპროექტების პირველადი ვერსიები, რომლებიც შეეხება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვასა და ენჯეოების ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი.
დარეგისტრირდება ის ვერსიები, რომლებიც შეეხება სიპების ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონის გამკაცრებას”, – თქვა მდინარაძემ.
***
5 თებერვალს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად ახალი კანონის მიღებას გეგმავს.
ასევე, მისივე თქმით, პარლამენტის მიერ შარშან მიღებული რუსული კანონი ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობის “მსუბუქი ვერსია” იყო, მის ნაცვლად კი “ახალ, ამერიკაში მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს” მიიღებენ.
