ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას აფასებს და ამბობს, რომ მის გამოსვლას “ობიექტურობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა”.
ამასთან, მდინარაძემ ზურაბიშვილს თხოვნით მიმართა და უთხრა, რომ დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას “მაინც თქვას, იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს”.
“მოგიწოდებთ ქალბატონო სალომე, ბოდიშს გიხდით, უკაცრავად, პატივს ვცემ ასაკს, ქალს, ყველაფერს, ჩემი ასაკიდან და ბევრი რაღაციდან გამომდინარე, მაგრამ თუ შეიძლება რომ მომისმინოთ. ერთი თხოვნა მაქვს მე თქვენთან. ახლა მაინც თქვენ რომ დასკვნითი სიტყვით გამოხვალთ, თქვათ – საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს? საქართველომ ეს სტატუსი მიიღო დამსახურებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე სტატუსს ევროპელი კოლეგები და მეგობრები არ არიგებენ.
ჩვენ თავს ზევით ძალა უნდა ვიპოვოთ და ვთქვათ, რომ საქართველო [სტატუსს] იმსახურებდა მაშინ, როდესაც თქვენ თქვით, რომ არ იმსახურებდა. მაშინაც, წინა წელს როცა დაიჩაგრა ქვეყანა, მაშინაც როცა მიიღო და მომავალშიც სხვაზე მეტად იმსახურებს, რომ ის იყოს ტრადიციებით, თავისი სწორი აზროვნებით, მენტალობით, თვითმყოფადობით, ისტორიით და კულტურით ევროპის [ოჯახში ყოფნას]”, – თქვა მდინარაძემ.