ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე “მოზომილი” განცხადებისთვის აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა.
“მე მინდა პერსონალურად მადლობა გადავუხადო ქალბატონ დანიგანს, იმიტომ, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, თქვენ ნახეთ, როგორი მოზომილი განცხადება გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან”. – თქვა მდინარაძემ.
გუშინ, 3 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა რუსულ კანონთან დაკავშირებით კომენტარისას თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საუბრის დაწყების ისტორიული შანსი აქვს და ამ პროცესში აშშ მის დახმარებას გააგრძელებს.
“ვნახეთ ცნობები, რომ განიხილავენ ამ კანონმდებლობის შესაძლებლობას და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათიათასობით ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საკუთარი ევროპული ამბიციები გაეჟღერებინათ და უარი ეთქვათ ამ კანონის მიღებაზე. საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების საუბრების დაწყების ისტორიული შანსი და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოსთვის ამ პროცესში დახმარება”. – თქვა მილერმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი ხელახლა დააინიცირა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი მარტის აქციების შემდეგ ჩავარდნილი კანონპროექტის ტექსტის იდენტურია. ერთადერთი, “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლდა ტერმინით – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩა.