საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა “ხალხს ღამე გაათენებინეს, თვითონ კი შენობაში შესულებმა დაიძინეს”.
“ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – კომიტეტს ვერ მიუსწრეს. ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი”, – დაწერა მდინარაძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ამ 1 წუთში შედის კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მისასალმებელი სიტყვაც.
ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა დილის რვა საათისთვის დაიწყეს. დეპუტატებს პარლამენტის ეზოში მანქანებით შესვლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევდათ.
მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ღამე გაათენეს, რათა დეპუტატები შენობაში ვერ შესულიყვნენ და კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარებულიყო. თუმცა პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და მოგვიანებით დაატოვებინა კიდეც. პროცესში პოლიცია სასტიკად გაუსწორდა რამდენიმე მოქალაქეს.