“დიახ, რა თქმა უნდა”, – ასე პასუხობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კითხვას, არის თუ არა ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მსხვერპლი.
მამუკა მდინარაძის თქმით, საფუძვლიანი ეჭვები, რაც ვრცელდება ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე, “ძალიან სამწუხაროა”. ალექსეი ნავალნის დაღუპვასა და რუსეთის რეჟიმზე საუბრისას ის პარალელს ავლებს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან.
“დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება კი არა, საფუძვლიანი ეჭვები, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რაც ვრცელდება მის გარდაცვალების მიზეზებზე, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ესეც ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ ამავდროულად, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ 2012 წლამდე ჩვენს დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, რომ დღეს რომ ოკუპანტები ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული ადამიანი, ეს რომ გვახსენებს სულ რაღაც აგერ 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს, ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა ჩვენი ქვეყნის კონტექსტში თუ შევხედავთ ამ ყველაფერს.
ჩვენ ასობით პატიმარი გვეღუპებოდა ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში და ამ რეჟიმს ემსახურებიან დღეს ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, NGO-ს ზოგიერთ წარმომადგენელი და დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის კონტექსტში საოკუპაციო რეჟიმის კონტექსტში ისმება შეკითხვები, თუმცა არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვთ ამ ადამიანს საქართველოს კონტექსტში და კითხვებიც ისმება ამ საკითხზე. ეს არის პარადოქსი ჩვენი ქვეყნის, თუმცა ის ცალკე აღებული, რაც გითხარით, ეს ჩემი პოზიციაა, რა თქმა უნდა”, – ამბობს მდინარაძე.