ქართული ოცნების წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის ცნობით, პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართავს.
მდინარაძის მტკიცებით, “მტრული მიზნით მოქმედი” ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები “პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ”.
“საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდან კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პარტიები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას. [..]
ამ გადაწყვეტილების გარეშე, შეუძლებელია რეალურად გაჩნდეს, ეროვნული, საქმეზე ორიენტირებული ძლიერი ოპოზიცია, რომელიც არ იქნება დაკავებული ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესრულებით. წარსულის ცოდვებით დამძიმებულ ე.წ. პოლიტიკოსებს დღეს მთლიანად აქვთ ათვისებული ოპოზიციური ველი და შანსს არ უტოვებენ სხვას, რომ ხელისუფლების ოპონენტად ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესებში, მაშინ როდესაც ამ ქვეყანას ჰყავს უამრავი ნიჭიერი, განათლებული და პატრიოტი ადამიანი [..]
შეგახსენებთ, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით”, – ირწმუნება მდინარაძე.
